გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ, საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით-საქართველოს საელჩო აშშ-ში

გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ, საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით-საქართველოს საელჩო აშშ-ში

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად უცნობი ავტორისგან წერილი და ყვავილები მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ყველა ჩვენგანისგან, ვინც მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, და ყველა იმათგან, ვინც იბრძოდა შენთან ერთად. შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული. ყველა ჩვენგანისგან“, – წერია ხელნაწერ გზავნილში.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.