რუსეთი ჯერ ე.წ. ოსთა გენოციდის აღიარების, შემდეგ კი ცხინვალის ანექსიისათვის ემზადება?!

რუსეთი ჯერ ე.წ. ოსთა გენოციდის აღიარების, შემდეგ კი ცხინვალის ანექსიისათვის ემზადება?!

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოს არ ეშვება და როგორც ჩანს, კიდევ ერთ ხრიკს გვიმზადებს, თანაც ისეთი პერსპექტივით, რომელიც აშკარაა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის პრობლემას უკავშირდება.

ამ რამდენიმე დღის წინ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა თხოვნით მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს - 1920 წელს საქართველოს მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდის აღიარების თაობაზე. მანამდე კი, როგორც ცნობილია, ცხინვალელი ოსები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც წააქეზა, როცა მან საქართველოს ისტორიის ცოდნით „თავი მოიწონა“ და  განაცხადა - „ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთში 1919-1920 წლებში ადგილობრივ მოსახლეობას ისე ულმობლად ექცეოდა, რასაც დღეს გენოციდს ვუწოდებთო“.

ცხინვალელი სეპარატისტები დიდი ხანია ამ საკითხს მუსირებენ და ცდილობენ, რომ  2020 წელს, როცა მათ ე.წ. გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნა აქვთ დაგეგმილი, თავიანთი განზრახვა სისრულეში მოიყვანონ.

თავის მხრივ, რუსმა კანონმდებლებმაც ჩათვალეს, რომ ახლა, როცა საქართველოსთან ურთიერთობა ისედაც დაძაბულია, შეუძლიათ „ქართულ ბოსტანში კიდევ ერთი ქვა გადამოაგდონ“:

სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, - ყურადღებით მოვეპყრობით ჩვენი კოლეგების თხოვნას სამხრეთ ოსეთიდან - 1920 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით - და მას უახლოეს ხანში სათათბიროს საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ.

როგორც ავღნიშნეთ, „ოსების გენოციდის“ საკითხი, რომელმაც სათათბიროსაგან „აქტუალურობის“ ახალი მუხტი შეიძინა, ახალი არ არის. ცდილობენ დამახინჯებით, მიკერძოებით გააშუქონ 1919-1920 წლებში გორის მაზრაში - ისტორიულ სამაჩაბლოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და მათ „გენოციდის“ სახელი უწოდონ. მათ სურთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევა ტერიტორიული  მთლიანობის შენარჩუნებისათვის „ოსი ხალხის განადგურების“ ფაქტად წარმოაჩინონ.

აღიარებს თუ არა „სამხრეთელი ოსების გენოციდს“ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო? როგორია ვერსიები? რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლება ახლო პერსპექტივაში:

ა) მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ რადგანაც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობით, რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა (სხვათა შორის, ამ მხრივ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში), შესაბამისად, არსებობს იმის საფუძველი, რომ სახელმწიფო სათათბირომ ჩვენზე „ჯავრი იყაროს“:  არაა გამორიცხული, რუსმა დეპუტატებმა მართლაც განიხილონ „გენოციდის“ აღიარების საკითხი და აღიაროს კიდეც, რაც, თავისთავად, საქართველოზე ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი იქნება, თუმცა, რასაკვირველია, მტკნარ სიცრუეზე დაფუძნებულ დადგენილებას (თუ რეზოლუციას) არანაირი იურიდიული შედეგები არ მოჰყვება. აქვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი რუსეთის ნაბიჯს აუცილებლად დაგმობს;

ა) ბოლო დროს ვლადიმერ პუტინის რეიტინგის ვარდნის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ლიდერმა გარკვეული „მომგებიანი“ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას, როგორც ეს ყირიმთან დაკავშირებით გააკეთა.   უკრაინასთან მიმართებით ტერიტორიის  - დონბასის ოფიციალური ანექსია იოლი არა არის  და ის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, შესაძლოა სახელმწიფო სათათბიროს მიერ „გენოციდის’ აღიარების საფუძველზე, ვლადიმერ პუტინმა სვლა მისცეს ე.წ. „ორი ოსეთის გაერთიანების“ პროექტს, რომელიც ცხინვალელი სეპარატისტების დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს. წინა წლებში ე.წ.  სამხრეთ ოსეთის“ ანატოლი ბიბილოვმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ საბოლოო მიზანი ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება და მისი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა... რუსეთი თავს იკავებდა და აცხადებდა, რომ მსგავსი გეგმების რეალიზება რუსეთის ინტერესებში არ არისო. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ვლადიმერ პუტინიც, რომლის ავტორიტეტი განუხრელად ეცემა, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით „ფრთებს შეასხამს“ ოსი ხალხის ოცნებას და ამით რუსეთის ტერიტორიას გააფართოებს - კიდევ ერთხელ „შეკრებს რუსეთის იმპერიის მიწა-წყალს“ (მან ხომ განაცხადა ამასწინანდელი პრეს-კონფერენციის დროს, რომ 1774 წელს ორივე ოსეთი - ჩრდილოეთიც და სამხრეთიც - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შევიდნენო). მითუმეტეს, რომ ცხინვალის რეჟიმის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარების პროცესი საბოლოოდ შეჩერდა და ამჟამად, ის თავად ისწრაფვის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

მართალია, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, ალბათ, არ უნდა გამორიცხოს სიტუაციის განვითარების ამგვარი ვერსია - ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მით უმეტეს, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით.