„რუსეთს გლობალური ქაოსის შექმნა სურს...“ - ინტერვიუ პოლონელ პოლიტოლოგთან

„რუსეთს გლობალური ქაოსის შექმნა სურს...“ - ინტერვიუ პოლონელ პოლიტოლოგთან

ვარშავის გამოცემის «Fronda»- კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ პოლონელ პოლიტოლოგს ეჟი ტარგალსკის, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს, ნეგატიურად აფასებს რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, პარალელურად ეხება საქართველო-რუსეთის კავშირებსაც და კომენტარს უკეთებს თბილისში მიმდინარე აქციას.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დავუბრუნდეთ გასული კვირის მოვლენებს, როცა ევროსაბჭომ რუსეთისათვის საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების დაბრუნება გადაწყვიტა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, დონბასში კი კონფლიქტი ჯერ კიდევ გრძელდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ის ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის სახით საშიშ სახელმწიფოს ვერ ხედავენ, მასთან მოლაპარაკებას ცდილობენ და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოსკოვმა ყირიმის ანუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინა. როგორც ჩანს, არიან ისეთი ადამიანები  საფრანგეთში ან პორტუგალიაში, რომელიც რუსულ საფრთხეზე არ ფიქრობენ, რუსული მუქარა მათთვის არ არსებობს და მიაჩნიათ, რომ შეიძლება რუსეთს მოელაპარაკონ, სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

- და თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთთან მოლაპარაკება სურთ, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური ან ეკონომიკური გარიგების რაღაც პროექტი აქვთ. რას შეიძლება ეხებოდეს მათი გარიგება?

- მათ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა სურთ. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კონფლიქტი არსებობს აშშ-სა და გერმანიას შორის, აშშ-სა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს შორის (ე.წ. „გერმანულ კავშირთან“). ამრიგად, ბერლინი თავის პოზიციებს აძლიერებს. ყველა დარწმუნებულია, რომ მოსკოვთან თანამშრომლობით სარგებელს მიიღებს.

- თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო, როცა ცენტრალური ევროპის ქვეყნების დელეგაციებმა ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეა დატოვეს - რუსეთისათვის ხმის უფლების აღდგენის გამო?

- საერთოდ, სხდომის დატოვებას აზრი არ აქვს, რადგან იგივე დელეგაცია მომდევნო სხდომას მაინც დაესწრება და თავს ისე მოაჩვენებს, ვითომდაც არაფერი მომხდარა. მე ვთვლი, რომ ჩვენ საპარლამენტო ასამბლედან საერთოდ უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს ორგანიზაცია დეკორატიული ორგანოა და არანაირ როლს არ ასრულებს. ჩვენ ამით არაფერს დავკარგავთ.

- იმას, რაც ევროპის საბჭოში ხდება, შეიძლება მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე არეულობებს, ეს ისეთი მოვლენაა, რომლის იგნორირება არ შეიძლება...

- საქართველოში საქმე ეხება რუსულ პროვოკაციას. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს რუსი დეპუტატის მოქმედება, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და აცხადებს, რომ ეს რეგიონები საქართველოს ნაწილები არ არიან. მისმა სიტყვებმა მოსახლეობის რისხვა გამოიწვია. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ აქციებს საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დიდი ცვლილებები არ მოჰყვება.

- შეიძლება თუ არა თბილისური აქციები იმ საპარლამენტო არჩევნების პრელიუდია იყოს, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს?

- საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული პოზიცია აქვს დაკავებული, მოსკოვს კი სერგეი გავრილოვის ვიზიტით თბილისისათვის დამატებითი სიგნალის მიცემა სურდა. საქართველო მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული: ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი რუსული ბაზრისაკენ მიედინება, ტურიზმის სფერო რუს ტურისტებზეა დაკიდული, რუსული კომპანიები კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს ფლობენ.

- როგორია იმის შანსები, რომ საქართველო რუსული გავლენისაგან გათავისუფლდება?

- ძნელია თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა. შანსები ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც, პირველ რიგში, შეერთებული შტატების დახმარებით უნდა განხორციელდეს. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. პრობლემა ამ ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე ღრმა დამოკიდებულებაშია და შესაბამისად, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით სიტუაცია ვერ გამოსწორდება. არჩევნების შემდეგ უფრო მეტად პროდასავლური მთავრობაც რომ ჩამოყალიბდეს, მისთვის ძალიან რთული იქნება რუსული ეკონომიკური გავლენისაგან თავის დაღწევა. ცხადია, რომ ახალ მთავრობას გარედან დახმარების გაწევის გარეშე ამ პროცესის დაწყების შესაძლებლობა არ ექნება, აშშ კი მაინცდამაინც თავს არ იწუხებს ქართველებისთვის რეალურად დასახმარებლად. ასე რომ, რა მოჰყვება საქართველოში ხელისუფლების სავარაუდო შეცვლას, ვერაფერს გეტყვით.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

«Fronda» პოლონეთი), 3 ივლისი, 2019 წელი

http://www.fronda.pl/a/dr-jerzy-targalski-dla-frondy-gruzja-i-iran-rosja-chce-wywolac-globalny-chaos,129338.html