„დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს...“ - აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის ისტორია

„დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს...“ - აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის ისტორია

25 წლის შმაგი სოფრომაძე, 2008 წლის ომში ტანკის ეკიპაჟის მეთაური იყო, მისი ისტორია გარდა სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავგანწირვისა იმით გამოირჩევა, რომ მან ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცები არ მიატოვა და ბოლომდე მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძოლა.

შმაგის ტანკი ერგნეთის მისადგომებთან დაზიანდა, მან ცხინვალის ტერიტორიის ტყეებიდან დაჭრილების გამოყვანა დაიწყო, ბოლოს თავისი დაჭრილი ასმეთაური გამოიყვანა,რომელმაც უთხრა, რომ უკან დახევის ბრძანება მიღებული იყო და ტყეში აღარ შებრუნებულიყო - იქნებ ტყეში კიდევ არიან დაჭრილი ბიჭები და შველა სჭირდებათო, - ეს იყო შმაგი სოფრომაძის პასუხი - დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული კი ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს...

"შმაგი ბავშვობიდანვე ქვეყნისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა", - ამბობს შმაგის და, სოფო სოფრომაძე, რომელიც ასევე ჯარისკაცია. სოფოს თქმით, მისი ბაბუა, ვის სახელსაც ის ატარებდა, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

"ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ბაბუის ამბავს და მშობლებს ბევრ კითხვას უსვამდა მასზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიის განათლება მიიღო, თავისი კარიერა სამხედრო სამსახურს დაუკავშირა. მისი დამოკიდებულება ამ პროფესიისადმი იმდენად პატივსაცემი იყო, რომ როდესაც ფორმა სახლში მოქონდა, არავის აკარებდა და განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა მას. ჯარში ბევრი მეგობარი ყავდა. მათთვის ნებისმიერ დროს ყველაფრისთვის მზად იყო", - ამბობს სოფო.

- სოფო, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ძმა და ომის პერიოდში თუ გქონდათ კონტაქტი? 

- აგვისტოს დასაწყისში ერთად ვიყავით, შემდეგ მე დასასვენებლად წავედი, მაგრამ როგორც კი მითხრეს შაკო ომში წავიდაო, საშინელი წინათგრძნობა მქონდა. მაშინ მეორე შვილს ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს იმ წამსვე ვიგრძენი, რაც მოხდებიოდა. ვიდრე წავიდოდა, სიჩქარეში ტელეფონი სახლში დარჩა და კონტაქტი მას შემდეგ აღარ მქონია. 8 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი ძმა აღარ ჩანდა.

...25 წლის შმაგი სოფრომაძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას დარჩა მეუღლე, თეა სოფრომაძე და ორი შვილი - გიგი და ზაზა, რომლებმაც იციან, თუ როგორ იცავდა მამა სამშობლოს, როგორ არ დატოვა მეგობრები ბრძოლის ველზე, როგორ არ დაემორჩილა მტერს და ფეხი არ დადგა ქართულ დროშას. მათ იციან, რომ მათი მამა გმირია!