მეუფე იაკობმა ადვოკატისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მეუფე იაკობმა ადვოკატისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მეუფე იაკობმა სასამართლოს მიერ დაკისრებული სიმბოლური თანხის – ერთი ლარის გადახდაზე უარი თქვა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუფე იაკობს მისი ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯარო უარყოფაც დაევალა.

 

„საქმე ეხება ჩემი საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვას. მან ცილი დამწამა, რომ გირგვლიანის საქმის წარმოებისას, როდესაც ირინა ენუქიძის ოჯახის ადვოკატი ვიყავი, ვითომდა ჩანერგილი ვიყავი საქმეში როგორც აგენტი და ინფორმაციები მიმქონდა დათა ახალაიასთან. ასეთი ინფორმაცია იაკობმა გაავრცელა საჯაროდ, რაც ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ე.წ. ციანიდის საქმიდან გამომდინარე, საზოგადოებას არ ჰქონოდა ჩემი ნდობა. სარჩელში მოვითხოვე ყველაფრის უარყოფა და სიმბოლური თანხა ერთი ლარი. პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა და მას დაავალა საჯარო უარყოფა და ერთი ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იაკობმა. სასამართლო პროცესი რომ ახლოვდება, მან დაიწყო ​ჩინჩალაძეების და მურუსიძეების საჯარო მუქარა, რომ არც გაბედოთ, ჩემს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება მიიღოთო. მან ტელევიზიით ჩემი გვარიც ახსენა, ჩინჩალაძეც და მურუსიძეც და თქვა, რომ თუ მის საწინააღმდეგოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სასამართლოს გააქრობს. მაქვს ერთადერთი მოლოდინი – თუ კანონის უზენაესობა ყველაფერზე მაღლა დგას, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ძალაში დარჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მეუფე იაკობის საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს ჩაინიშნა.