„დამეხმარეთ, შვილი მომპარეს!“ - მამა 10 წლის შვილს ეძებს

„დამეხმარეთ, შვილი მომპარეს!“ - მამა 10 წლის შვილს ეძებს

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დავით ლიპარიძე 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებს.

მისი თქმით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და მძინარე ბავშვი ღამით, ძალის გამოყენებით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა.

მამა და ბებია ამტკიცებენ, რომ ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ბავშვის ბებია ირწმუნება, რომ მან ინცინდენტის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო.

"დამეხმარეთ, შვილი მომპარეს. საფრთხე ემუქრება, დამირეკა, მამა მკლავენო და ტელეფონი წაართვეს, გამოურთეს. პირზე დაფარებით წაიყვანეს სახლიდან და არ ვიცი დღემდე სად არის,"- ამბობს ბავშვის მამა დავით ლიპარიძე.

ბავშვის ძალით და კანონის დარღვევით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში.

"ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის უმძიმესი. საჭიროებს სპეციალისტების ჩართულობას. ბავშვის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვა გამოსავალი იმ კონკრეტულ მომენტში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ბავშვის ნების დადგენა იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო," - აცხადებს იმერეთის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე.