გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის შესახებაც ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

კონსულტაციების დროს განიხილეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი, ასევე, სამომავლო გეგმები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავენ, აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილია 161,7 მილიონი ევრო, მათ შორის, 21,7 მილიონი ევრო გრანტის სახით.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.