ამერიკამ შესაძლოა ოსმალეთის მიერ 1915 წელს ჩადენილი  სომეხთა გენოციდი აღიაროს

ამერიკამ შესაძლოა ოსმალეთის მიერ 1915 წელს ჩადენილი სომეხთა გენოციდი აღიაროს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია თურქეთში 1915 წელს მომხდარი სომხების გენოციდის თაობაზე შესაძლოა დღეს იქნეს გატანილი სხდომაზე კენჭისყრისათვის. რეზოლუციას მხარს უჭერენ როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.

რეზოლუციის დაჩქარებული განხილვა განმოწვეულია აშშ-თურქეთის ურთიერთობაში არსებული კრიზისით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციას სომეხთა გენოციდის შესახებ დიპლომატიური გართულება მოჰყვება - ანკარა ვაშინგტონიდან თავის ელჩს გაიწვევს.

ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები, რომელიც 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, ოფიციალურადაა აღიარებული რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის და მსოფლიოს კიდევ რიგი სახელმწიფოების მიერ. თურქეთი კატეგორიოულად აცხადებს პროტესტს 104 წლის წინ მომხდარ მოვლენებითან დაკავშირებით.

 

სომხური ლობი, ებრაული ლობი...

არის მნიშვნელოვანი შანსი იმისა, რომ რეზოლუციას უკვე დღეს, სამშაბათს საღამოს იქნეს მხარდაჭერილი. სომეხი ლობისტების ძალისხმევით, დოკუმენტის პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა სარეგლამენტო კომიტეტის სხდომა, თანაც ყოველგვარი ცვლილების ან შესწორების გარეშე.

კანონპროექტის მიღებას სომხური წარმოშობის მქონე ამერიკელებისორი უდიდესი ჯგუფი ლობირებს: პირველია აშშ-ის სომეხთა ეროვნული კომიტეტი და მეორე - „ამერიკის სომხური ასამბლეა“. მათ მხარს უჭერს ორი გავლენიანი ებრაული ორგანიზაცია - ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი და ანტიდიფამაციური ლიგა.

 

დაუძინებელი მტრები... ერთსულოვნად

დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე წლის იანვრის თვეში იქნა შეტანილი. რეზოლუციისადმი მხარდაჭერაზე საუბრობენ არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებთაც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ, არამედ წარმომადგენელთა პალატის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრებიც. როგორც ცნობილია, ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან, მაგრამ როგორც ჩანს, სომხების გენოციდის რეზოლუციას მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ.

რეზოლუციის ტექსტის მომზადებაში  „სომხური ასამბლეა“ და სომხური ეროვნული კომიტეტი მონაწილეობდნენ.

„29 ოქტომბერი შესაძლოა ამერიკის სომხების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღედ იქცეს, - განაცხადა მიგრან თუმაჯიანმა, „ამერიკის სომხური ასამბლეის“ დირექტორმა აშშ-ის დასავლეთის რეგიონში, - ვაფრთხილებთ კონგრესის წევრებს: თუ ვინმე გაბედავს და ანკარის მცდარ პოზიციას გაიმეორებს - თითქოსდა გენოციდი არ მომხდარაო - ჩვენ მის მოქმედებას არ დავივიწყებთ“.

„ჩვენ ყველა კაპიტოლიუმის ყველა კაბინეტში ვიყავით“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში არმენ სააკიანი, აშშ-ის სომეხთა ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი.

 

მორალი ამორალურ სამყაროში

რეზოლუციის დაჩქარებული განხილვის უკან აშშ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება დგას - თურქული არმიის სირიელი ქურთების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის გამო. როგორც ცნობილია, სირიელი ქურთები აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ „ისლამური სახეკლმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეზოლუციის მომხრეები ამ გეოპოლიტიკურ მიზეზს არ მალავენ: ბევრი კონგრესმენი წინააღმდეგია, რომ თურქეთის არმია სირიაში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. „ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, რომ სომეხთა გენოციდი ვაღიაროთ“, - დაწერა კონგრესმენმა ტედ ლიუმ „ტვიტერში“.

„მთელი მსოფლიოს სომხობა გენოციდის აღიარებას ზნეობრივ პრობლემად განიხილავს“, - აცხადებს მიგრან თუმაჯიანი. იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ აშშ-ის მთავრობამ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით არ უნდა ისარგებლოს. „ჩვენ ამორალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ინტერესები სწრაფად იცვლება.... აბსურდია, რომ ველოდოთ, როდის დამყარდება მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“.

 

გენოციდი: ტერმინის ისტორია

აშშ-ის პოზიციას გენოციდის საკითხში ტრადიციულად გეოპოლიტიკა განსაზღვრავდა - ვაშინგტონი მზად არ იყო თურქეთთან კონფლიქტზე წასასვლელად - ანკარა ხომ ვაშინგტონის პარტნიორია ნატოში. აშშ-ის პრეზიდენტები, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ოსმალეთის იმეპრიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს მხოლოდ „დიდ ბოროტებას“ უწოდებდნენ და თავს არიდებდნენ ტერმინ „გენოციდით“ სარგებლობას. თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ 1915-1919 წლებში ქრისტიანული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენდა.

გასულ წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს, რომ მათ სომხების გენოციდი არ აღიარეს, რომელიც ერთ-ერთი დაპირება იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. „არაღიარება ჩვენი შეცდომა იყო“, - განაცხადეს მათ.

„სომეხთა გენოციდი ყველამ უნდა აღიაროს, მაგრამ უპირველესად თვით თურქეთმა“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში აშშ-ის ყოფილი ელჩი სომხეთში ჯონ ევანსი, რომელიც თანამდებობიდან სწორედ იმიტომ იქნა გადაყენებული, რომ 1915 წლის მოვლენებს „გენოციდი“ უწოდა. „სამწუხაროდ, თურქეთმა საეჭვოა 1915 წლის გენოციდის აღიაროს, ანკარა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება, თუ გარედან ზემოქმედება არ განხორციელდება. ალბათ, დადგა დრო, რომ დამატებით- ზეწოლა აშშ-ის კონგრესმა განახორციელოს“.

ჯონ ევანსმა დაამატა, რომ რეზოლუციის მიღებას, შესაძლოა, დიპლომატიური გართულება მოჰყვეს - ალბათ, თურქეთის ხელისუფლება აშშ-დან თავის ელჩს გაიწვევს, დაგმობს რეზოლუციას და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადოს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-50219411