„მე შეშფოთებული ვარ სუვერენიზმით - დღეს ისეთი სიტყვები მესმის, რასაც ჰიტლერი 1934 წელს გაჰყვიროდა“ - რომის პაპი

„მე შეშფოთებული ვარ სუვერენიზმით - დღეს ისეთი სიტყვები მესმის, რასაც ჰიტლერი 1934 წელს გაჰყვიროდა“ - რომის პაპი

იტალიურ გაზეთ La Stampa-ში გამოქვეყნდა რომის პაპის, ფრანცისკეს ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ დომენიკო არასოს მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. საუბრის თემატიკა: ევროკავშირის პერსპექტივა და ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტი, მოსახლეობის მიგრაცია, კლიმატის ცვლილება ამაზონის რეგიონში და ა.შ.

ფრანცისკე ინტერვიუში ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ევროპის ქვეყნების ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის მომხრეთა პოზიციაზე. მას მხედველობაში აქვს იტალიის პარტია „ლიგის“ ლიდერის მატეო სალვინის სლოგანი „ჯერ - იტალიელები“.

„ევროპა უნდა გადავარჩინოთ, - აცხადებს პაპი, - ევროპა არ შეიძლება დაიკარგოს თავისი ადამიანური და ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებია იარაღი სუვერენიზმის და პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, სწორედ ისინი ასრულებენ „გადატვირთვის“ პროცესის ძრავის როლს“.

„ევროპა უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ, კულტურულ და გეოგრაფიულ ერთობას წარმოადგენს. [ევროკავშირის] დამაარსებლებს („მამებს“) მიზნად ჰქონდათ დასახული ისეთი გეგმები, რომლებიც ამ ერთიანობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. მათ მიზანი შეასრულეს, ჩვენ კი ეს სიმდიდრე არ უნდა დავკარგოთ. ევროპა წლების განმავლობაში დასუსტდა და ამის მიზეზები, ალბათ, შიდა უთანხმოებებში და ადმინისტრაციულ პრობლემებში უნდა ვეძებოთ. ევროკომისიის ხელმძღვანელად ქალის - ურსულა ფონ დერ ლაიენის დანიშვნა კარგი ნაბიჯია და იმედია, იგი ევროპის კავშირის „მამათა“ იდეებს ახალ სულს შთაბერავს - ქალებს ხომ დაახლოებისა და გაერთიანების უნარი უფრო მეტად აქვთ“, - ამბობს რომის პაპი ინტერვიუში.

პონტიფიკის აზრით, ევროპის აღორძინების მთავარი პრობლემა დიალოგის ნაკლებობას უკავშირდება: „ევროკავშირში საჭიროა უფრო ხშირი საუბარი ერთმანეთთან, დისკუსიები მხარეთა შორის, ადამიანებს შორის, ერთმანეთის უფრო მეტად გაცნობა, - აღნიშნავს პაპი და ხაზს უსვამს, რომ ევროპა ერთიანად უნდა იქნეს განხილული და არა ცალკეულ ქვეყნებად. გლობალიზაცია და ერთიანობა ხელს არ უშლის ყოველი ქვეყნის, ყოველი ხალხის იდენტურობის შენარჩუნებას. ამასთან, საკუთარი იდენტურობის დაცვის პარალელურად უნდა ვეცადოთ, რომ მეტი მივიღოთ სხვა ხალხების იდენტურობისაგან, აუცილებელია დიალოგი და ინტეგრირება“, - ამბობს ფრანცისკე.

რომის პაპი ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს, რომ იგი შეშფოთებულია „სუვერენიზმის“ გახშირებული პროპაგანდით: „ეს იზოლაციას ნიშნავს. მე შეშფოთებული ვარ, რადგან ხშირად ისმის სიტყვები, რომლებიც ძალიან გვახსენებს ადოლფ ჰიტლერის 1934 წლის გამოსვლებს: „უპირველესად ჩვენ, [გერმანია]. ჩვენ... ჩვენ...“. ასეთი აზრები საშიშია. სუვერენიზმმა დახურულობამდე არ უნდა მიგვიყვანოს. ქვეყანა სუვერენული უნდა იყოს, მაგრამ არა დახურული. სუვერენიტეტის დაცვა-შენარჩუნება აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია განვითარდეს და გაფართოვდეს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ევროპულ გაერთიანებასთან“.

ფრანცისკე დაბეჯითებით აცხადებს: „სუვერენიტეტისადმი ერთგულება არ უნდა გაზვიადდეს. ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. ასეთ პოზიციას ომებამდე მივყავართ“. პაპის თქმით, „პოპულიზმი პოპულარიზმისაგან უნდა განვასხვაოთ: პოპულიზმი პოზიციის თავსმოხვევას ნიშნავს, [რომელიც ამ შემთხვევაში, სუვერენიზმის იდეის დანერგვას უკავშირდება], პოპულარიზმში კი ხალხის დამოკიდებულება, მისი კულტურა გამოიხატება“.

პაპი ინტერვიუში შეეხო აგრეთვე მოსახლეობის რეგიონული მიგრაციის პრობლემას: მისი აზრით, ქვეყნების ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ  ადამიანების ყველაზე მთავარი უფლება სიცოცხლეა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში ომები და შიმშილი მეფობს, საიდანაც ადამიანები გამორბიან. ამიტომ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ფრთხილად და მიზანმიმართულად უნდა იაზროვნონ - უნდა გაიანგარიშონ, რამდენი მიგრანტის მიღება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში შეიძლება პრობლემის გადაწყვეტას შემოქმედებითადაც მივუდგეთ - მიგრანტთა ნაკადი იმ ქვეყნებისაკენ მივმართოთ, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდიან სოფლის მეურნეობის დარგში, ანდა რომლებსაც დემოგრაფიული პრობლემა აქვთ. გარდა ამისა, რადგანაც [აფრიკელი] მიგრანტები ძირითადად შიმშილობას გაურბიან, საჭიროა მეტი ინვესტიციების ჩადება კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკაში და ამგვარი მეთოდებით შევამციროთ მიგრაციის ნაკადი“.

ეკოლოგიურ პრობლემებსა და ამინდის გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომის პაპმა განაცხადა, რომ მას განზარხული აქვს ამ პრობლემებზე სინოდის მოწვევა. „ეს ჩვენს არსებობას ეხება. მე შევშფოთდი, როცა გავიგე, რომ თურმე ივლისში კაცობრიობას უკვე ამოუწურავს თავისი რეგენერაციის ის რესურსი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული. მყინვარების დნობა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევის რისკი, ოკეანეებში პლასტამისი ნაგავის ზრდა ადამიანებს აიძულებს კრიზისულ სიტუაციებში ცხოვრებას აიძულებს. ჩვენი სინოდის სხდომა მეცნიერებთან ან პოლიტიკოსებთან შეხვედრა არ იქნება. პრობლემას ჩვენ უფრო მისიონერული კუთხით ვიხილავთ. ყურადღებას დავუთმობთ ამაზონის რეგიონს, რადგან იქ 9 სახელმწიფო მდებარეობს. ამაზონიის ტყეები ჩვენი პლანეტის მაცოცხლებელი ფაქტორია - იმ ჟანგბადის დიდი ნაწილი, რითაც ვსუნთქავთ, სწორედ ამაზონიიდან მოდის. აი, ამიტომაც ტყეების გაჩეხვა კაცობრიობის განადგურებას ნიშნავს“.

ფრანცისკემ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ამ სფეროში კორუფციასა და გულგრილობას უნდა ებრძოლონ - მათ უნდა გააკონტროლონ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტები, რათა ადამიანებს თავიდან ააცილონ ავადმყოფობები. „ამ მიმართულებით დიდი როლი ენიჭება ახალგაზრდების ეკოლოგიურ მოძრაობას: მე იმედიანად ვუყურებ მათ ლოზუნგს - „მომავალი - ეს ჩვენ ვართ“. ისინი კონკრეტულ საქმეებს აკეთებენ“, - აღნიშნავს რომის პაპი ინტერვიუს დასრულებისას.

წყროები: 

https://www.business.it/papa-francesco-paura-sovranismo/

https://www.vaticannews.va/ru/pope/news/2019-08/papa-sovranizm-

privodit-k-vojnam-nuzhen-dialog-mezhdu-narodami.html