საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ის ინსტრუმენტები აქვს, რომელზეც პოლონეთი 1999 წელს ვერც კი იოცნებებდა - დანიელ ფრიდი

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ის ინსტრუმენტები აქვს, რომელზეც პოლონეთი 1999 წელს ვერც კი იოცნებებდა - დანიელ ფრიდი

იმუშავეთ რეფორმებზე, გააძლიერეთ ეკონომიკა, დააგროვეთ პოლიტიკური კაპიტალი და საჭირო დროს თქვენ წარმატებას მიაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დანიელ ფრიდმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დანიელ ფრიდმა აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, ის რაც ახლა შეუძლებელი ჩანს, მალე შეიძლება გარდაუვალი გახდეს და საქართველო ამ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას მომზადებული უნდა შეხვდეს.

„საქართველოსთვის ცუდი ამბავი ის არის, რომ ახლა ნატო-ში გაწევრიანება რთული და თითქმის შეუძლებელიც კი ჩანს. ბუქარესტის სამიტის გზავნილი გამეორებულია, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ხდება. კარგი ამბავია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ის ინსტრუმენტები აქვს, რომელზეც პოლონეთი 1999 წელს ვერც კი იოცნებებდა. სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ნატო-სა და საქართველოს შორის მოიცავს ყველა ძირითად საწვრთნელ ელემენტს, რომელიც საჭიროა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის.

დღევანდელი პოლიტიკური განლაგება ისეთია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსია სირთულეებითაა აღსავსე, მაგრამ, უკანასკნელი 30 წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს განლაგება მუდმივად უცვლელი არ იქნება. გაითვალისწინეთ, რაც დღეს შეუძლებელი ჩანს, შესაძლოა მალე გარდაუვალი გახდეს და საქართველო ამ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას, მომზადებული უნდა შეხვდეს. ეს ფანჯარა კი აუცილებლად გაიღება. ამას გვასწავლის ისტორიული გამოცდილება. წლების წინ პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე ყველა ხუმრობდა, მაგრამ ეს რეალობად იქცა. ამიტომ, ქართველებს ვურჩევ, მოუსმინონ ბალტიისპირელ მეგობრებს, მათ ეს უკვე გამოიარეს და აუცილებლად შეასრულეთ საშინაო დავალება. საქართველოს სჭირდება და შეუძლია პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სისულელეები არ უნდა ჩაიდინოთ, ყველ ქართველმა იცის რასაც ვგულისხმობ. იმუშავეთ რეფორმებზე, გააძლიერეთ ეკონომიკა, დააგროვეთ პოლიტიკური კაპიტალი და საჭირო დროს თქვენ წარმატებას მიაღწევთ“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა.