ინტერვიუ გერმანელ ექსპერტთან: „პუტინის მიმართ დედის გინება „რუსთავი-2“-ის ეთერში პოლიტიკური პროვოკაციაა“

ინტერვიუ გერმანელ ექსპერტთან: „პუტინის მიმართ დედის გინება „რუსთავი-2“-ის ეთერში პოლიტიკური პროვოკაციაა“

„რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სკანდალურმა გამოხდომამ საქართველოს მთავრობისა და სხვა ადგილობრივი პოლიტიკოსების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გაბუნია რამდენიმე წუთის განმავლობაში უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს,

როგორ გამოიყენებენ ამ ანტირუსულ რიტორიკას ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ბრძოლაში? რა კავშირი აქვს გიორგი გაბუნიას გამოხდომას პარლამენტის სამომავლო არჩევნებთან? ამ და სხვა კითხვებს «Deutsche Welle»-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში თბილისში არსებული ჰენრიხ ბიოლის სახელობის ფონდის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი პასუხობს.

- შეიძლება თუ არა პროვოკაციად შეფასდეს გიორგი გაბუნიას უცენზურო გინება „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში?

- რა თქმა უნდა, ეს პროვოკაცია იყო. მთავარი კითხვა, რომლის პასუხი ყველას აინტერესებს: ვის წინააღმდეგ იყო მიმართული გიორგი გაბუნიას გინება? ვფიქრობ, ნაკლებად სავარუდოა, რომ მისი ლანძღვის ობიექტი რუსეთი ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინი და ზოგადად ქვეყნის ხელმძღვანელობა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება, უპირველეს ყოვლისა, საშინაო პოლიტიკას - ორ პარტიას, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან - (ოპოზიციურ) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მმართველ „ქართულ ოცნებას“. საერთოდ, ტელეარხი „რუსთავი-2“ ცნობილია თავისი ანტირუსული რიტორიკით. ასე რომ, საქმე რუსეთს არ ეხება: „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერ „რუსთავი - 2“-ს, როგორც ჩანს, ყურადღების მიქცევა და პროვოკაციის მოწყობა სურდათ ქვეყნის შიგნით.

- ვის აწყობს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია? როგორი სურათია დღეს საქართველოში პოლიტიკური ძალების განლაგების თვალსაზრისით?

- რუსეთის თემა საქართველოში - ეს თავისებური ტრიგერია, რომელიც ადამიანების საოცარ აგზნებას იწვევს. ასე მოხდა 20 ივნისს მოწყობილ საპროტესტო აქციის დროს, რომელიც ქვეყნის პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლამ გამოიწვია. საქართველოში მოსახლეობა უკიდურესად ემოციურად რეაგირებს მსგავსი გამღიზიანებლების მიმართ, ხოლო ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ამ თემას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ პროვოკაციებისათვის იყენებენ. „ერთიანი ნაცმოძრაობა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულ პარტიას წარმოადგენსო, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვთან ურთიერთობას ავითარებს. „ნაციონალები“ მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და შესაბამისად, მას რუსეთის ქომაგად მოიხსენიებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი მოვლენა - 20 ივნისის პროტესტები და გიორგი გაბუნიას გამონათქვამები - მოწმობს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც საქართველოში მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, ჩვენ არაერთხელ გავხდებით მსგავსი პოლიტიკური პროვოკაციის მოწმეები, რუსეთის მოხსენიებით.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, რომელმაც ბოდიში მოიხადა „რუსთავი - 2“თან დაკავშირებული ინციდენტის გამო?

- 20 ივნისს, როცა მასობრივი პროტესტის დროს სიტუაცია გამწვავდა, საათები გავიდა, სანამ მმართველი პარტია და მთავრობა მასზე რეაგირებას მოახდენდა. გუშინ კი ყველა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემმომენტალური რეაგირება გამოამჟღავნა ერთი ჟურნალისტის გამოსვლის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია საშინაო პოლიტიკური ინტერესების მიხედვით ვითარდება: „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა ამ ინციდენტით, რათა მიხეილ სააკაშვილთან ახლოს მდგომი ტელეარხის წინააღმდეგ გამოსულიყო და კომპანია რუსეთთან დაკავშირებით მოწყობილ პროვოკაციაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, „ოცნების“ მოწინააღმდეგეთა პოლიტიკურმა ბანაკმაც - „ნაციონალებმა“ ჟურნალისტის გამონათქვამი მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოიყენეს. მე ის მაკვირვებს, თუ რამდენად მალე მოახდინეს რეაგირება პოლიტიკურმა ძალებმა ამ ინციდენტზე, თუ რა სწრაფად გამოაცხადეს თავიანთი უთანაზიარობა და როგორ დაიწყეს იმავდროულად დისკუსია იმაზე, თუ ვინაა დამნაშავე, ვინ ატარებს რუსეთის ინტერესებს და როგორ მანიპულირებს რუსეთი საქართველოში.

- რას ელოდებით მომავალ წელს, როცა საქართველოში საპრლამენტო არჩევნების კამპანია დაიწყება?

- სანამ არჩევნები გაიმართება, ჩვენ, ალბათ, ქართული პოლიტიკური ძალებისა და საერთოდ, საზოგადოების შემდგომი პოლარიზების მოწმენი გავხდებით. ჩვენ ასევე ვნახავთ ახალ პროვოკაციებს. რუსეთის თემა კვლავ შეასრულებს მნიშვნელოვან როლს არჩევნების მომზადების პროცესში და საარჩევნო კამპანიის დროს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში, არსებითად, მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიაა - „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ორივე ერთმანეთს სჭირდება, რომ ერთმანეთის მტრის ხატი ჩამოაყალიბონ, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების პოლარიზებას ახდენს. ეს პარტიები დაინტერესებულნი არ არიან არც იმ გადაწყვეტილების ძიებით, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა სასარგებლო და არც კონსტრუქციული მიდგომით რუსეთთან ურთიერთობების მიმართ. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ შემდგომ პოლარიზებას ემსახურება. მსგავსი მოვლენები მომავალშიც მოხდება, მათ შეუძლიათ მოსახლეობის დამუხტვა, რაც ქუჩებში უწესრიგობების მოწყობით შეიძლება გამოიხატოს.

- თქვენი აზრით, კიდევ რა რეაგირებას მოახდენს რუსეთის ხელმძღვანელობა „რუსთავი-2“-ის ინციდენტზე?

- ვლადიმერ პუტინმა უკიდურესად მკვეთრი რექცია მოახდინა 20 ივნისის მასობრივი საპროტესტო აქციის მიმართ: მისი ბრძანებით, 8 ივლისიდან საქართველოსაკენ რუსული ავიაკომპანიების ფრენა შეწყდა. რუსეთის ხელისუფლება ასევე იმუქრება ქართული ღვინის იმპორტის შესაძლო შეწყვეტითაც. ასე რომ, თავისი მოქმედებით რუსეთიც ცეცხლზე ნავთს ასხამს და საქართველოს პროვოცირებას ცდილობს, მოსკოვი ზეწოლას აძლიერებს ქვეყნის მთავრობაზე. მე შეშფოთებული ვარ და ვფიქრობ, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება. ვერავითარ ნიშნებს ვერ ვხედავ იმისას, რომ რუსეთი მზად არის მშვიდობიანი ურთიერთობისათვის. პირიქით, მოსკოვმა შეიძლება თბილისს უფრო მეტი სანქციები დააკისროს, რაც კიდევ უფრო მეტად დააშორებს საქართველოს რუსეთისაგან.

 

«Deutsche Welle» (გერმანია), 09 ივლისი, 2019 წელი

https://p.dw.com/p/3LlUF