„ნიუპოსტისთვის“ არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია,  „რუსთავი 2“-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ დაამახინჯა- დავით ჯაფარიძე

„ნიუპოსტისთვის“ არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია, „რუსთავი 2“-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ დაამახინჯა- დავით ჯაფარიძე

ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის  ადვოკატის,  დავით ჯაფარიძის თქმით, მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელა და ის აუცილებლად შეიტანს სარჩელს მათ წინააღმდეგ.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს,  არ განუცხადებია, რომ ჭიდაობის და კრივის ფედერაციებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე და ეს არის ცილისწამება.

„გაზეთმა “ნიუპოსტმა” და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-მა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაციები. „ნიუპოსტისთვის“ არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია. ხოლო „რუსთავი 2“-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ დაამახინჯა. კერძოდ:

1) ცილი დამწამეს, თითქოსდა მე ვთქვი, რომ ჭიდაობის და კრივის ფედერაციებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როდესაც ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ლაშა ველიაძემ ვერ მიიღო სასურველი პასუხი თავის შეკვეთილ კითხვაზე - გიგი გეგეშიძეს თუ გადაეცით მასალები და დაუწერეთ განცხადება? დამისვა ზოგადი კითხვები. რა დროსაც მე ვუთხარი, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რამაზ დევაძის შეწაყალების განცხადებით თავადაც მივმართე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. და მასალებს ვატანდი მოჭიდავეებსაც, მაგრამ მათი ვინაობა არ მახსოვს. და ეს იყო სამი წლის უკან;

რაც შეეხება კრივის ფედერაციას, იგი საერთოდ არ მიხსენებია. ასევე არ ვიცი ვინ არიან ჭიდაობის და კრივის ფედერეაციების ხელმძღვანელები.

სასამართლოში მომიწევს სარჩელების შეტანა. ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც“,- წერს  ჯაფარიძე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებადამცველმა დავით ჯაფარიძემ,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი დევაძის შეწეყალების ერთ-ერთ რეკომენდატორად ჭიდაობის ფედერაცია დაასახელა, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს. ასევე რეკომენდატორად  დასახელდა ტოჩინოშინი. 

მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს,  საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა, მოჭიდავეების წარმატების გადასაფარად და დასაკნინებლად“.