„არ არსებობს იმის გარანტია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება" - დოლიძე „რუსთავი 2" -ის საქმეზე

„არ არსებობს იმის გარანტია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება" - დოლიძე „რუსთავი 2" -ის საქმეზე

„არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

ამასთან, მისი შეფასებით, გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულება ამ საკითხში სახელმწიფოს დაინტერესებაზე მიუთითებს.

„საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებმაც სტრასბურგი მოიგეს და მათი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ აღასრულებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში აღსრულდა ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული მიანიშნებს მათ შორის სახელმწიფოს დაინტერესებას. არავითარი გარანტია არ არსებობს მაგიდაზე, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა. აღმასრულებელი დირექტორი, მით უმეტეს, ისეთი რეპუტაციის მფლობელი, რომელიც არის ქიბარ ხალვაში, ის არ არის ნელსონ მანდელა, ბუნებრივია, მის სიტყვას ვერავინ ენდობა, რომ არ ადგება და არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.