„რუსთავი 2"-ის საქმეზე 20 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

„რუსთავი 2"-ის საქმეზე 20 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

20 არასამთავრობო ორგანიზაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის საქმესთან  დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.

“მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ იგი არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც  სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული  ინიციატივა  ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი  შესთავაზა მათ.  აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები.“- აღნიშნულია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.