დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი 20 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი 20 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გეთაშვილის უფლებადამცველი სასამართლოს გირაოს მოთხოვნით მიმართავს. როგორც გეთაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლე ბრალდებულებისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს, გეთაშვილის შემთხვევაში ადვოკატი გირაოს მოთხოვნა დააყენებს 20 000 ლარის ოდენობით.

„დღეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს, წინასწარ ვერ გეტყვით, რა მოხდება პროცესზე თუმცა ჩვენ, დაცვის მხარე გირაოს მოთხოვნას დავაყენებთ, 20 000 ლარის ოდენობით“ , - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის,რუსთავის სასამართლო 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ორი მოქმედი პოლიციელის - მიხეილ ღუბიანურისა და დავით მიროტაძის, ყოფილი პოლიციელის - დიმიტრი დუღაშვილის, ასევე მოკლულის მეგობრის - გიორგი გეთაშვილის და უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულების - გიორგი ასათიანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურსა და დავით მიროტაძეს, ასევე ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს, ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლითა აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღვეთას გულისხმობს, გიორგი ასათიანს ბრალი სსკ-ის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გიორგი გეთაშვილს სსკ-ის 143 მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3,ა-თი, რაც ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას გულისხმობს. სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს - ზურაბ ჯღარკავას ეძებენ. პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა. გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის. პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა, სადაც მას უკვე ელოდნენ მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიმიტრი დუღაშვილი. ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მათ დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, მათ კი თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დავით მუმლაძე იძულებით ჩასვეს ავტომობილ "მერსედესში" და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რუსთავში მდინარე მტკვრის პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

 

2020news.ge