უმრავლესობამ 20 ივნისს მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

უმრავლესობამ 20 ივნისს მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ  დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა.

პროექტის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს: საქართველოს  პარლამენტის  სასახლეში  შეჭრის  მცდელობის  ფაქტი,  მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები; სამართალდამცავი  ორგანოების  ქმედებები,  მათ  მიერ  უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და გამოავლინოს შესაბამისი პირები.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი  ინტერესიდან  გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული  გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას.