ის, რაც ჩვენ 2008 წელს შევძელით, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ - სააკაშვილი

ის, რაც ჩვენ 2008 წელს შევძელით, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ - სააკაშვილი

`საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით, განსაკუთრებული გამბედაობით" , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე.

„ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავის ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით, განსაკუთრებული გამბედაობით. ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ. 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა. საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი, მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმიწინააღმდეგობის გაწევის გამო. ისინი ამ წუთებში, როცა ვლაპარაკობ ძალისხმევას აგრძელებენ თავისი ლობისტებისა და შიდა საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება. ჩვენთვის რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება საქართველოს გამთლიანება იქნება. მე ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი. მე კარგად მახსოვს ქართული მიწის ყოველი გოჯი. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რაც ჩვენ, პოლიტიკოსებმა 2012 წელში ვერ მოვახერხეთ, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები. მინდა, მათ მივესალმო. მინდა, იმ ადამიანებს მივესალმო, ვინც 20 ივნისს სიცოცხლე გარისკა, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, ვინც დაკარგა თავისუფლება ახლა ციხეებში იმყოფება, მაგრამ უკან არ დაიხია. ყველაფერი გამოგვივა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. შინდისის გმირების სისხლი და ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა. ჩვენ ვიქნებით ისევ ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ევრაზიაში, როგორც ვიყავით და ვიქნებით ბევრად მეტად. დიდება საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.