საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება - რუსეთი პირობებს აყენებს

საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება - რუსეთი პირობებს აყენებს

რუსეთი საქართველოსთან შეწყვეტილ ავიამიმოსვლას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში არ აღადგენს, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“  დიპლომატიური წრეების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად, იგნორირებულია მოსკოვის მოთხოვნა, უზრუნველყოს რუსი მოგზაურების უსაფრთხოება და არც ანტირუსული განწყობები ჩამქრალა.

„იზვესტიას“ წყარო აცხადებს, რომ რუსეთმა ავიამიმოსვლის განახლების პირობები დაასახელა - რუსოფობიური პოლიტიკის და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება.

„იზვესტიას“ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა განუცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა, თუმცა, საბოლოო მონაცემები წლის ბოლოსთვის ექნებათ.

ბარზიკინის ინფორმაციით, რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქემ, ვინც პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობდა, საქართველოში ჩასვლა შეწყვიტა და აღარც კომპლექსური ტურები იყიდება, თვითორგანიზებული ტურისტები კი საქართველოში ჩადიან სახმელეთო გზით, ან მესამე ქვეყნების გავლით.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.

საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.