„მისი ქმედება არცერთ შემთხვევაში არ არის დანაშაული“ - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

„მისი ქმედება არცერთ შემთხვევაში არ არის დანაშაული“ - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი “მაესტროსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მისი ქმედება არ არის დანაშაული.

„დანა მას არ ჰქონია, მისი განმარტებით დანა არის გაუგებარი რამ, რატომ აღმოჩნდა დანა მაგ შემთხვევაში“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ქალის ქმედება არცერთ შემთხვევაში არ არის დასჯადი.

ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება მას არ ახსოვდეს რომ დანა ჰქონდა. მისი ქმედება არ არის დანაშაულებრივი, ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მას გააჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში ეს ქმედება არ არის დასჯადი კანონით. ბავშვი დაზარალებულია, რა თქმა უნდა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ დაკავებული ქალი, რომელსაც დანა ჰქონდა დამნაშავე არ არის, მაშინ ვინ დააზარალა ბავშვი, ადვოკატი ასევე გაუგებრად პასუხობს:

„ბავშვი შეიძლება დააზარალოს, დავუშვათ ქუჩაში მაწანწალა ძაღლმა...“

ადვოკატის თქმით, მას დაჭრის ამსახველი ვიდეოკადრები არ უნახავს.

მე ეს კადრები არ მინახავს... მე არ მჭირდება ეს კადრები. ისედაც გავეცნობი. შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა, ძაღლს მოვთხოვთ პასუხს? ძაღლს პასუხის არაფერში არ თხოვენ, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, კონკრეტულ შემთხვევას. შეიძლება მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ეს შეიძლება აღმოჩნდეს არადასჯადი სისხის სამართლის წესით. ვინაიდან შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის წესით არ არის დასჯადი.“

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.