დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ვაპირებთ, 31 ოქტომბერს დატოვებას. ამისთვის ყველანაირი საშუალება და უნარი გვაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა მაიკლ გოვემ, რომელიც „ბრექსითის“ შეთანხმების გარეშე განხორციელების მომზადებაზეა პასუხისმგებელი.

მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა „ბრექსითის“ გადადების თხოვნის წერილი ევროკავშირს იმის გამო გადაუგზავნა, რომ ეს მას პარლამენტმა სთხოვა.

„მაგრამ პარლამენტს პრემიერ -მინისტრის აზრის შეცვლა არ შეუძლია, პარლამენტი ვერც მთავრობის პოლიტიკასა და დადგენილებას შეცვლის,“ -განაცხადა გოვემ.

შაბათს ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა იმ დღესვე, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.

ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე. თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.