„სინდისმა შეაწუხა“ -  როგორ დაუბრუნეს მუსიკოსს 320 ათას დოლარად ღირებული ვიოლინო

„სინდისმა შეაწუხა“ - როგორ დაუბრუნეს მუსიკოსს 320 ათას დოლარად ღირებული ვიოლინო

„ვიოლინო, რომელიც 300 წლისაა და 320 ათას დოლარადაა შეფასებული, გუშინ თავის კანონიერ მფლობელს - სტივენ მორისს დაუბრუნდა. მას მუსიკალური ინსტრუმენტი 22 ოქტომბერს ლონდონის სამხრეთით, მატარებელში შემთხვევით დარჩა და შემდეგ, როცა უკან დაბრუნდა, ადგილზე აღარ დახვდა“, - წერს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი დენი შოუ.

 „ვიოლინო სტივენ მორისს სუპერმარკეტთან ახლოს მდებარე ავტომანქანების სადგომზე გადაეცა, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელების კონტროლით.

კაცმა, რომელმაც მორისს ვიოლინო დაუბრუნა, აღიარა, რომ შეცდომა ჩაიდინა, როცა უაპატრონოდ მიტოვებული ინსტრუმენტი წაიღო და მფლობელს ბოდიში მოუხადა.

როგორც თვითონ სტივენ მორისი ამბობს, ის იმდენადაა გახარებული ვიოლინოს დაბრუნებით, რომ თავი ზღაპარაში ჰგონია: „მე ახლა სიხარულით გაბრუებული ვარ... მას შემდეგ, რაც ვიოლინო დავკარგე, ნორმალურად არ მიძინია“.

სტივენ მორისმა 22 ოქტომბერს ცნობილი ოსტატის დავით ტეკლერის მიერ 1709 წელს შექმნილი ინსტრუმენტი დაკარგა. ეს შემთხვევა ლონდონ-ორპინგტონის მატარებელში მოხდა.

სიტივენ მორისი,რომელსაც საუნდთრეკები აქვს ჩაწერილი ფილმებისათვის ჯეიმს ბონდის შესახებ, აგრეთვე „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიისათვის და რომელიც დავიდ ბოუისთან და სტივ უანდერთან ერთად მუშაობდა, ვიოლინოს დაკარგვით უაღრესად დამწუხრებული იყო.

მოგვიანებით ინგლისის სატრანსპორტო პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იღებს ვიღაც მამაკაცი მიტოვებულ ვიოლინოს იმ დროს, როცა მატარებელი ბრომლისაუტის სადგურს უახლოვდება.

მართლწესრიგის დამცველებმა შესთავაზეს უცნობ მამაკაცს, რომ საპოლიციო უბანში გამოცხადებულიყო და ვიოლინო უკან დაებრუნებინა. იგივე მოწოდებები გაისმა სოციალურ ქსელებშიც.

გასულ ხუთშაბათს, სტივენ მორისმა „ტვიტერში“ ასეთი შეტყობინება მიიღო: „მე ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი მამაკაცი ვიცანი და მინდა დაგეხმაროთ. მე თვითონ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს, როცა შენთვის ძვირფასი ნივთი მატარებელში გრჩება და გეკარგება“.

მეორე დღეს იმ პიროვნებას, რომელმაც სტივენ მორისს ტვიტი მიწერა, პოლიცია დაუკავშირდა და - ჰოი, საკვირველებავ! - იგი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ვიოლინო წაიღო. „ჯინი“ - ამ სახელით (ცხადია, შეთხზულით) წარუდგა იგი სტივენ მორისს და დათანხმდა, რომ ვიოლინოს კვირა საღამოს, ბეკენჰემის რკინიგზის სადგურთან არსებულ  სპერმარკეტთან მდებარე ავტოსადგომზე შეხვედრის დროს დააბრუნებდა.

„ოპერაციაში“, რომელსაც მუსიკოსის მეგობარი, ყოფილი პოლიციელი მაიკ პენეტი ხელმძღვანელობდა, მოქმედი პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსათ. „მაიკმა ვიოლინოს დაბრუნების ოპარაციაში ლოკომოტივის როლი შეასრულა“, - აღიარა მოგვიანებით სტივენ მორისმა.

პოლიციელების ჯგუფმა, რომლებიც ოპერაციას თვალს ადევნებდნენ, დააფიქსირეს, რომ საღამოს 10 საათისათვის „ჯინი“, ახალგაზრდა მამაკაცი, მივიდა ავტოსადგომზე მყოფ სტივენ მორისთან, მიესალმა, ხელი ჩამოართვა, მცირე ხანს ელაპარაკა და მას ჩანთა გადასცა, რომელშიც ვიოლინო იდო. „მან მითხრა, რომ სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და სურდა, რომ ვიოლინო პირადად ჩემთვის რაც შეძლება მალე დაებრუნებინა, - ჰყვება სტივენ მორისი, - ყველაფერი კარგად დასრულდა. ვიოლინო და ხემი არ დაზიანებულა, აწყობაც კი არ დაჭირვებია“.

ინგლისის სატრანსპორტო პოლიციაში დაადასტურეს, რომ ვიოლინოს წამღებ-დამბრუნებელი პიროვნების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რადგან იგი მიხვდა თავის შეცდომას, აღიარა და ძვირადღირებული ისტორიული ინსტრუმენტი პატიოსნად დაუბრუნა კანონიერ მფლობელს.

--------

წყარო: https://www.bbc.com/russian/other-news-50277974