კიროვის 37 - ბიჭი,გიო,ბაჩა

კიროვის 37 - ბიჭი,გიო,ბაჩა

ჩემი ბავშვობა წყნეთში,კიროვის 37-ში გავატარე,სწორედ ამ სახლში,ჩემი უფროსი დეიდაშვილების თაობის თავისუფლების კუნძული არსებობდა. მუსიკალური ინსტრუმენტებით მიმოფანტული დიდი ოთახი, იქვე კარებზე მიყუდებული გეკო, სამზარეულოში მოფუსფუსე წინსაფარიანი კულინარი,იქვე ჰამაკში წამოწოლილი, ჩიტების ჭიკჭიკის გიტარის სიმზე გადამტანი მელომანი, ფართე შარვლიანი,თმებმოშვებული უფროსი კაცები იკრიბებოდნენ. 
ცოტა წამოზრდილს, იგივე ადამიანები ახალგაზრდა კაცებად მომევლინენ,აღარც შლაქსები,აღარც გრძელი თმა, უბრალოდ ჯინსები,მაისური ინგლისურენოვანი წარწერით და ვერანდაზე მუდმივად გაშლილი სუფრა. ეზოში უფროს ადამიანთან მაგიდის ჩოგბურთის თამაშით კმაყოფილი და ხის სკამისგან სახელდახელოდ გაკეთებულ კალათში "მინუს პიატით" გულნაჯერები, ერთად მივუსხდებოდით სუფრას...
მიზეზი ყოველთვის იყო, ხან გარეულ ღორზე, სადღაც ბეთანიაში ნანადირევი ან სულაც რომელიღაცის ბებიის დაბადების დღის მოგონილი თარიღი.... ერთად ყოფნის სურვილით გამოწვეული სითბო,დახვეწილი საუბარი,მოსმენის კულტურა,ლაკონური სადღეგრძელოები, შოთა რუსთაველი თუ დავით გურამიშვილი,ფარნავაზი თუ მირიანი,Pink Floyd თუ The Beatles, პელე თუ გარინჩა,მანდილოსნისადმი თვალშისაცემი განსაკუთრებული დამოკიდებულება...
იმერული მრავალჟამიერით ნაკურთხი სუფრა,ეშხში,იმ აუარებელი ინსტრუმენტების გამოყენებით თუ ჩვეულებრივი სავარცხლისა და ქაღალდის სინთეზით გაგრძელებული,სიგიჟემდე ჰქმნიდა მიზიდულობას, რაც ჩვენი სახლის ეზოში მთელი წყნეთის დამსვენებელს თავს უყრიდა.
ბიჭი ნიჟარაძე,გიო ხუციშვილი,ბაჩა ზარდალიშვილი .... 
სამწუხაროდ უამრავ ადამიანს ჩამოვთვლი, მაგრამ ახლა ამ დღეების ჩემი ტკივილიანი მოგონების გაზიარება მომინდა( ჩემი ხერხემლის გადამკიდე ვერ ვახერხებ პირადად მივაგო პატივი) ...
ჩემმა ბავშვობამ ასეთი კაცების გარემოცვაში გაიარა,კაცებისა, რომელთა არსებობამაც სიგიჟენარევი თავისუფლების სარკმელში გამახედა 

გიორგი ტაბიძე 
14 ივნისი 2018 წელი