ბანკის მოვალე 417 ათასი პენსიონერი

ბანკის მოვალე 417 ათასი პენსიონერი

დღეს, საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ. დარგის ექსპერტების თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის, ერთი - მაღალი რისკი სიკვდილიანობისა. მეორე მიზეზი კი „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ისაა, რომ ბანკი საპენსიო მომსახურებისათვის სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს:
„პენსიების დარიგება დედაქალაქიდან დაწყებული, უშგულით დამთავრებული, ბანკის ხარჯია. იმისათვის, რომ ბანკს ამ ხარჯის კომპენსირება მოეხდინა, მიმართა ყველაზე მარტივ გზას - ეს ხარჯი გამოართვა პენსიონერებს. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში, საპენსიო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეც კი ადიოდა. 2017 წელს, როდესაც „ლიბერთი ბანკში“ ახალი მმართველობა მოვიდა, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 64%-ს შეადგენდა. დღეს, როდესაც ბანკი გაიზარდა და განვითარდა, შესაძლებელი გახდა, რომ საპროცენტო განაკვეთმა ნელ-ნელა დაწევა დაიწყო და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 31%-ია“.
როგორც გიორგი კალანდარიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბანკი 2019 წლის ბოლოსთვის გეგმავს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 28%-მდე დაწევას: „ამ ეტაპზე, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ბანკს საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით შეუძლია“.
გააიაფებს თუ არა კონკურენცია ძვირ სესხს?
2018 წელს ეროვნულმა ბანკმა სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შეამცირა. სწორედ ამ ფონზე მოუწია „ლიბერთი ბანკს“, რომ გასულ წლებში 100%-მდე არსებული საპროცენტო განაკვეთი, შეემცირებინა.
დარგის ექსპერტების თქმით, რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნებოდა და არა 31 ან თუნდაც 28%.
ასე ფიქრობს რამაზ გერლიანი. "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი. ის დარწმუნებულია, რომ თუკი მომდევნო საპენსიო ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ბანკები და თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც.

მის აზრს ეთანხმება გიორგი კაპანაძეც, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან მონოპოლიზაციის გაუქმებაა:
„პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს და თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას, დანაკლისით იღებენ“.
საპენსიო სესხი საქართველოში 417 ათას პენსიონერს აქვს აღებული. ანუ, პენსიონერთა თითქმის ნახევარს (საქართველოში 890 ათასამდე პენსიონერია აღრიცხული).
დღეს, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 31%-ია. ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება.
პენსიონერს შეუძლია მაქსიმუმ 9 თვის პენსია ანუ 1800 ლარი ერთად აიღოს. სესხის გადახდის მაქსიმალური ვადაა 54 თვე. პენსიონერი სესხის დასაფარად ბანკში არ უნდა ტოვებდეს პენსიის მესამედზე მეტს. „ლიბერთი ბანკის“ მონაცემებით, საპენსიო სესხის საშუალო მოცულობა 750 ლარია.
მიმდინარე წელს, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკიდან“ სესხის სახით გატანილი აქვთ 330 მილიონი ლარი. წლევანდელი მონაცემებით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისგან 90 მილიონი ლარი დაიბრუნა, ხოლო ჩამოწერა 27 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, მსესხებელთა 7% სესხის დაფარვამდე გარდაიცვალა. "ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის“ გარდა, სხვა ბანკებიდანაც აქვთ სესხად აღებული თანხები და ამ თანხების რაოდენობა დაახლოებით მილიარდ ას მილიონ ლარს შეადგენს.

წყარო: რადიო თავისუფლება