ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ტრადიციულად ამ რაუნდზეც, როგორც კი დევნილების დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკება დატოვა.

„კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. წინასწარ დიდი მოლოდინი არც ყოფილა. ფუნდამენტურ საკითხებზე გარღვევა არ მომხდარა. ყველას ინტერესშია ვითარების დეესკალაცია და განმუხტვა. იყო რამდენიმე იდეა თანათავჯდომარებიის მხრიდან. ჩვენ ამას განვიხილავთ და შემდეგ რაუნდზე ამ თემას დავუბრუნდებით. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თანდათანობით მოხდეს დეესკალაცია ადგილზე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.  

ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან მთავარი წარმომადგენლის ანდრეი რუდენკოს თქმით, რუსეთს არავისი არაფერი მართებს: 

„თქვენ კარგად იცით რუსეთის ფედერაციის პოზიცია. რუსეთისთვის კონფლიქტი არ არსებობს. კონფლიქტი დაიხურა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების თემაზე ვსაუბრობთ იმისათვის, რომ მსგავსი კონფლიქტები არ განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს და არც ოკუპაცია არსებობს. ჩვენ ამას ვუწოდებთ 2008 წელს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას , რომლებმაც რუსეთთან ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმდნენ“, - განაცხადა რუდენკომ. 

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.