მსოფლიოში დემოკრატიის მექად შერაცხულ ამერიკაში, სულ რაღაც 50-60 წლის წინ რასობრივი დისკრიმინაცია მძვინვარებდა -  ვინ იყო მარტინ ლუთერ კინგი

მსოფლიოში დემოკრატიის მექად შერაცხულ ამერიკაში, სულ რაღაც 50-60 წლის წინ რასობრივი დისკრიმინაცია მძვინვარებდა - ვინ იყო მარტინ ლუთერ კინგი

უფროსი თაობის წარმომადგენელთათვის კარგადაა ცნობილი ამერიკელ შავკანიანთა უფლებებისათვის დაუცხრომელი მებრძოლის, ბაბტისტური ეკლესიის მოძღვრისა და ღვთისმეტყველის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარტინ ლუთერ კინგის სახელი, რომელიც თავისი რწმენისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იქნა მოკლული 1968 წლის 4 აპრილს. მათთვის, ვინც გაცილებით ახალგაზრდაა და შეესწრო ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანი პრეზიდენტის, ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობას, აშშ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე კონდოლიზა რაისისა და კოლინ პაუელის მოღვაწეობას, ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მექად შერაცხულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ რაღაც 50-60 წლის წინ წარმოუდგენელი სისასტიკის რასობრივი დისკრიმინაცია მძვინვარებდა და ამ ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას საკუთარი ელემენტარული უფლებების დაცვა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ფასი უჯდებოდა.

უფლებადამცველთა შორის, ვინც საკუთარი სიცოცხლე შავკანიანთა უფლებების და თავისუფლებების სამსხვერპლოზე მიიტანა, გამორჩეულად დგას არაძალადობრივი გზით რეფორმების გატარების მომხრე  ლიდერი, მარტინ ლუთერ კინგი. სადღეისოდ, აშშ ეპისკოპალური ეკლესიის მიერ იგი ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებულადაა მიჩნეული. მარტინ ლუთერ კინგი იყო პირველი შავკანიანი,რომელსაც ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის დიდ როტონდაში ძეგლი დაუდგეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელგანთქმული მოღვაწის მკვლელად ოფიციალურად ვინმე ჯეიმს რეი მიიჩნევა, რომელმაც ინდივიდუალურად დაგეგმა და განახორციელა ეს სასტიკი ბოროტმოქმედება, მრავალნი ვარაუდობენ, რომ კინგი კარგად ორგანიზებული შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

მარტინ ლუთერ კინგი, როგორც ქრისტიანული რწმენით გამსჭვალული კეთილშობილი რაინდი, თავისი არაძალადობრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ქვაკუთხედად არათუ მოყვასის, არამედ მტერთა და მოძულეთა სიყვარულს მიიჩნევდა.უფლისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღბეჭდილი მისი ცხოვრება ნიმუშად და მაგალითად იქცა მათთვის, ვინც მიზნად სიკეთისა და მოყვასის მსახურება დაისახა.

მარტინმა, ბრაიარდ რასტინთან და სხვა აქტივისტებთან ერთად შეიმუშავა არაძალმომრეობითი მოღვაწეობის ტაქტიკა, რითაც გარკვეულწილად მაჰათმა განდის პოლიტიკური ტრადიცია განაგრძო.

მარტინ ლუთერ კინგმა სულ რაღაც 39 წელი იცოცხლა, თუმცა თავისი წარუშლელი კვალი დააჩნია დედამიწას, რომელიც მისი დაუდგრომელი,სიკეთისა და თავისუფლების იდეებით ნასაზრდოები ცხოვრებით უფრო ადამიანური გახადა.

 

მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა