ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის კაცს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის კაცს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

ყანდაურაში ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს და ახლა მას მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად.

„თითიდან გამოწოვილია, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ომარ გამყრელიძეს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და არც ახლა არსებობს რამე მტკიცებულება, რომ ის ვინმეს დაეხმარა. მკვლელი დაკავებული არ არის, არ არსებობს პირი, რომელიც ამბობს, რომ ომარ გამყრელიძე რამით, თუნდაც დაფარვით, ან რამით მკვლელს ეხმარებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდებია და ეფუძნება არა რეალურ ფაქტებს, მტკიცებულებებს, ჩვენებებს, არამედ გამოდის იქიდან, რომ ბრალდების მხარეს არ უნდა თავი შეირცხვინოს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს და საზოგადოების წინაშე ტყუილად დაკავებული კაცი რომ არ ჰყავდეთ, ედავებიან დახმარებას და იარაღის შეძენა-შენახვას. არავინაა იმის მომსწრე, რომ ომარ გამყრელიძე იარაღს ინახავდა, ის იარაღიც იყო სახლში, რომელიც მის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ეკუთვნოდა“, - განაცხადა ომარ გამყრელიძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.