ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობითაც მიმართა და მტკიცებულებების არქონის მოტივით 85 წლის ომარ გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ 85 წლის ომარ გამყრელიძე ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროების მოტივით კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ასევე დიდი ოდენობოთ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

ამ წუთებში კი აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ომარ გამყრელიძის შვილიშვილის, ასევე ომარ გამყრელიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მასაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას და მკვლელობის ხელშეწყობას ედავება.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს.

23 ივლისს კი ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.