სასამართლომ ზვიად კუპრავს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ზვიად კუპრავს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.