საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019-ს უმასპინძლებს

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019-ს უმასპინძლებს

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით  Agile Spirit 2019 („მტკიცე სული“) 27 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.           

ასეთი სწავლებები საქართველოში 2011 წლიდან ტარდება, თუმცა ამჯერად ყველაზე მასშტაბურია - ჩამოდიან ნატოს წევრი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი  14 ქვეყნის წარმომადგენლები. დღემდე მსგავს სწავლებებში მაქსიმუმ 9 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ. ამჯერად კი Agile Spirit 2019-ში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ბულგარეთის, საბერძნეთის , ჩენოგოსიის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სულ 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

Agile Spirit 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წლევანდელი სწავლება სამ ბაზაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში

შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოში ჩატარდა სამხედრო წრთვნები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, მანამდე კი, მარტში წრთვნები გაიმართა ნატოს ეგიდით, რომელშიც 350 სამხედრო  მონაწილეობდა.