რუსეთმა თურქეთისათვის C-400 რაკეტების მიწოდება დაიწყო: გამოვა თუ არა თურქეთი ნატოდან?- გერმანელი პოლიტოლოგის პროგნოზები

რუსეთმა თურქეთისათვის C-400 რაკეტების მიწოდება დაიწყო: გამოვა თუ არა თურქეთი ნატოდან?- გერმანელი პოლიტოლოგის პროგნოზები

როგორც ცნობილია, პარასკევს, 12 ივლისს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის C-400-ის მიწოდება დაიწყო: ანკარის ახლოს მდებარე მიურტედის ავიაბაზაზე რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა C-400-ის შემადგენელი კომპონენტები ჩაიტანეს. ანკარასა და მოსკოვს შორის დადებული კონტრაქტი C-400-ის ოთხი დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებს, მისი ფასი 2,5 მილიარდი დოლარია. გარიგების ნაწილს თურქეთი უშუალოდ „ჯიბიდან“ გადაიხდის, ნაწილს კი რუსული კრედიტის საშუალებით.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის საერთაშორისო სკანდალის პროვოცირება მოახდინა: აშშ-მა თურქეთს მოსთხოვა უარი ეთქვა გარიგებაზე და C-400-ების სანაცვლოდ მსგავსი ამერიკული კომპლექსი Patriot ეყიდა. იმავდროულად ვაშინგტონი ანკარას დაემუქრა - თუ თურქეთი გაჯიუტდებოდა, მას ამერიკულ F-35 უახლეს თვითმფრინავებს აღარ მიაწოდებდა და საერთოდ, თურქეთს ამ თვითმფრინავების წარმოების პროექტიდან ამოიღებდა. პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა და დათმობაზე უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნების ლიდერთა სამიტის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის დონემ იკლოო, ორ სახელმწიფოს შორის სიტუაცია მაინც რთული რჩება.

დასავლელი და მათ შორის ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ნატოს თავდაცვის სისტემას: თურქეთი ნატოს წევრია და რუსული იარაღის მასში ჩართვა უარყოფითად იმოქმედებს.

როგორ განვითარდება მოვლენები ახლო პერსპექტივაში?

გერმანულ გამოცემა «Focus»- ში 13 ივლისს გამოქვეყნდა სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით - „რაკეტებთან დაკავშირებული გეოსტრატეგიული კონფლიქტი: გამოვა თუ არა თურქეთი ნატოდან?“ (ავტორი - თომას ეგერი, პოლიტოლოგიის პროფესორი კელნის უნივერსიტეტში).

„რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებტან დაკავშირებული კონფლიქტი შეიძლება ისევ გაღვივდეს, რასაც საბოლოოდ თურქეთის ნატოდან გასვლა მოჰყვება. ეს იქნება რუსეტის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი გამარჯვება“, - წერს თომას ეგერი, რომელიც თვლის, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დადებული კონტრაქტის რეალიზების დაწყება ვაშინგტონ-ანკარის ისედაც რთულ ურთიერთობას უფრო გააღრმავებს, რასაც შეიძლება ამერიკის სანქციები მოჰყვეს. არაა გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპმა სანქციების გამოცხადება გააჭიანუროს, მაგრამ იურიდიულად იგი ვალდებულია ეს გააკეთოს, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.

თომას ეგერი შესაძლებლად თვლის თურქეთის მიერ ნატოს დატოვებას, მაგრამ იმავდროულად შენიშნავს, რომ ანკარის გასვლა ბლოკიდან „უდიდესი გეოსტრატეგიული დანაკარგი იქნება“. აქ მთავარია ზუსტად განისაზღვროს, თუ ვისში [დონალდ ტრამპში თუ ვლადიმერ პუტინში] ან რაში [რუსეთთან დაახლოებაში თუ აშშ-სთან დამოკიდებულებაში] დაინახავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი თავისი მმართველობის პერსპექტიულ პოლიტიკურ გარანტიებს.

ექსპერტის აზრით, პრინციპში, დატოვებს თუ არ დატოვებს თურქეთი ნატოს, ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებული კონფლიქტი უკვე შეიძლება ჩაითვალოს „ვლადიმერ პუტინის უდიდეს გამარჯვებად“. თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რომც დარჩეს და არ გავიდეს, მისი ყოფნით სხვა წევრებს შორის ერთმანეთისადმი უნდობლობა გაძლიერდება. თომას ეგერი მიიჩნევს, რომ თურქეთთან დადებული კონტრაქტის წარმატებული რეალიზება ხელს უწყობს რუსეთის რეპუტაციის ზრდას და განმტკიცებას. გარდა ამისა, რუს სამხედრო სპეციალისტებს [მეტ-ნაკლებად] საიდუმლო მონაცემების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, ეს კი რუსულ სპეცსამსახურებს დიდ უპირატესობას აძლევს. „მოსკოვისა და ანკარის ასეთ მასშტაბურ დაახლოებას შეიძლება 21-ე საუკუნის საერთაშორისო სენსაცია ეწოდოს“, - აღნიშნავს ავტორი.

რასაკვირველია, თურქეთისთვის დიდი რისკები არსებობს.: აშშ-სთან კავშირების შესუსტება და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ანკარისთვის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგების ტოლფასი იყოს. ამასთან, ფსონი იმდენად მაღალია, რომ რეჯეფ ერდოღანი ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე რომ დადგეს, მას მოსკოვის დახმარება დაჭირდება. „ამ სიტუაციაში ყველაზე უსუსურად კი ევროპა გამოიყურება: აშშ-თურქეთის კონფლიქტი მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, ევროპულ ქვეყნებს კი ამ საკითხზე გავლენის მოხდენის უნარი არ აქვთ“, - ასკვნის კელნის უნივერსიტეტის პროფესორი.

https://www.focus.de/politik/experten/jaeger/geostrategischer-verlust-droht-konflikt-um-raketenabwehr-droht-zu-eskalieren-scheidet-die-tuerkei-aus-der-nato-aus_id_10922966.html