საქართველო - თვალწარმტაცი ქვეყანა თურქი ტურისტებისათვის - გაზეთი Hürriyet

საქართველო - თვალწარმტაცი ქვეყანა თურქი ტურისტებისათვის - გაზეთი Hürriyet

თურქულ გაზეთ Hürriyet-ში („თავისუფლება“) გამოქვეყნებულია სტატია იმ ტურისტული მარშრუტების შესახებ, რომლებიც თურქეთთან ახლოსაა და მოგზაურობის მოყვარულს დიდი დრო არ დასჭირდება ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად: „თქვენ შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან და ნათესავ-მეგობრებთან ერთად, ერთი ნახვით გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიის შთამბეჭდავ დეტალებს, აღტაცებულები დარჩეთ ბუნების პეიზაჟებით და სტუმართმოყვარე ადამიანების მხრიდან თქვენს მიმართ გამოხატული პატივისცემით“, - აღნიშნულია მასალაში (ავტორი - საფეთ ემრე ტონუჩი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან, რომელიც საქართველოს ეხება:

საქართველო - 20 წუთი ხოფადან

ჩვენი საზღვარი საქართველოსთან - სარფთან, ხოფიდან 20 წუთის სავალზეა. ანუ საქართველო ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარეობს, უვიზო რეჟიმი გვაქვს და შესაბამისად, ამ ქვეყანაში ჩასვლა ძალიან იაფია. თქვენს მოლოდინს არ გადავაჭარბებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებს იხილავთ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომელიც 105 წლისაა და სადაც ხუთი ათასზე მეტი მცენარეა თავმოყრილი.

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი თბილისი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ ქალაქს წარმოადგენს, სადაც შეხვდებით როგორც შუა საუკუნეების, ასევე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას.

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია და ვფიქრობ, ისტორიის მოყვარულებმა ეს ქალაქი აუცილებლად უნდა შეიტანონ მოსანახულებელი ადგილების სიაში.

ბევრს დაგაინტერესებთ იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქი - გორი, სადაც საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმია. გორიდან შეგიძლიათ ბორჯომში - მინერალური წყლებით მდიდარ ქალაქში გაემგზავროთ.

საქართველოს მდიდარი ეროვნული სამზარეულო აქვს: ერთ-ერთი ცნობილი საჭმელია ხინკალი, რომელსაც ძირითადად (ხორბლის ფქვილის ცომისა და) ხორცისაგან ამზადებენ, თუმცა არის კიდევ ხაჭაპური (ძირითადად ყველისგან მომზადებული), რომელიც ძალზე გემრიელია და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

 

http://www.hurriyet.com.tr/seyahat/yazarlar/saffet-emre-tonguc/yakin-ve-hesapli-rotalar-41291257