საქართველოში ტურისტების შემოსაყვანად National Geographic-ი პროექტს იწყებს

საქართველოში ტურისტების შემოსაყვანად National Geographic-ი პროექტს იწყებს

ამერიკული ტურისტული კომპანია MIR Corporation და National Geographic ერთობლივ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დადებითად აფასებს ახალ პროექტს და აცხადებს, რომ National Geographic-ის ეგიდით, ტურისტების შემოსვლა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.