„რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ - Washington Examiner-ი თამარ ჩუგოშვილის წერილს აქვეყნებს

„რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ - Washington Examiner-ი თამარ ჩუგოშვილის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს.

გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ჩუგოშვილი ვრცლად საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება:

„ტომ როგანი, რა თქმა უნდა, მართალია, როცა ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს, სადაც მას „აუცილებლად ხელგაშლილ მიღებას მოუწყობენო“. მაგრამ დონალდ ტრამპი იმას ნამდვილად ვერ დაინახავს, რასაც ტომ როგანი წერს - „რუსეთს საქართველოში კვლავ გაუჩნდა „შესაძლებლობების გაფართოების“ შეგრძნება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესაჩერებლად, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია.

ამის მტკიცება, უბრალოდ, არასწორია. ტომ როგანის თვალსაზრისი ეფუძნება იმ ოპოზიციონერთან საუბარს, რომლის პარტია 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებას ჩამოაშორეს და რომლის მთავრობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში იქნა მხილებული. იგივე ოპოზიციურმა პარტიამ 2016 წლის არჩევნებშიც ვერ გაიმარჯვა.

ის, რასაც ტომ როგანი ვერ ამჩნევს და რასაც ტრამპი აუცილებლად დაინახავს საქართველოში, ისაა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. დღეს საქართველო ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და განვითარებადი ქვეყანაა. ტრამპი დაინახავს გაბედულ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ამერიკელების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ტრამპი მოიწონებს საქართველოში არსებულ სულ უფრო ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს და დემოკრატიულ გარემოს. და, რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტი ღირსეულად შეაფასებს ჩვენი ქვეყნის ბუნების სილამაზეს და სტუმართმოყვარეობას, რომელიც ტურისტული გამოცემების დიდ უმრავლესობაში მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად არის აღიარებული

საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოსთან, არის ნატოში მიღების კანდიდატი, დადებული აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან... ოპოზიციის არგუმენტები (რომლებიც არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაკარგეს), რომ  ყოველივე ამ ფონზე რუსეთი თურმე რაღაც წარმატებებს აღწევს საქართველოში, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტოლოგიურ საფუძველს და ლოგიკურ აზრს.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რომლის დიდი ნაწილი ხელში 2008 წლის ომის დროს ჩაიგდო, ანუ მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია იყო. ეს თემა ჩვენი ამერიკელ პარტნიორების დისკუსიის ცენტრშია: გასულ კვირას საქართველოს მთავრობა ითხოვდა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღებას საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე (Georgia Support Act), რომელშიც პრიორიტეტულ ამოცანებად დასახელებულია აშშ-ის ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მასში ასევე გამოხატულია მოწოდება ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების განხილვის მიზნით და საქართველოს სუვერენიტიტის საფრთხეების შეფასებისათვის, კერძოდ, რუსეთის მხრიდან. ჩვენ ასევე  მაღალ დონეზე ვაფასებთ იმ ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს აშშ-ის კონგრესი უწევს და ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე, გაბედულ თანადგომას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით აღნიშნული კანონპროექტის მიღებას სენატშიც.

ქართველებმა იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც წარმატებული იქნება, ესაა ქვეყნის პრაგმატული დაახლოება დასავლეთთან. ის ითვალისწინებს აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას. აშშ ამ სტრატეგიის მტკიცე მომხრედ ითვლება, რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ.“

 

წყარო: https://www.washingtonexaminer.com/opinion/op-eds/what-trump-would-find-in-georgia