ე.წ. სამხრეთ ოსეთს ავსტრიის სემინარში მონაწილეობაზე, “საქართველოზე ზეწოლის გამო” უარი უთხრეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთს ავსტრიის სემინარში მონაწილეობაზე, “საქართველოზე ზეწოლის გამო” უარი უთხრეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საგარეო საქმეთა მინისტრს” დიმიტრი მედოევს ავსტრიაში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობასა და მოხსენებით გამოსვლაზე უარი უთხრეს.

ღონისძიება 7-10 ნოემბერს გაიმართება.

როგორც ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე“ მედოევის მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის.

ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უარის თქმის მიზეზი საქართველოს ძალისხმევით მოხდა.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს მზაობა მწვავე საკითხების მოგვარების ცივილიზებული გზით. წარმოგვიდგენია, როგორი ზეწოლა განიცადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა და მენეჯმენტმა საქართველოსა და მათი სხვადასხვა მეგობრების მხრიდან. გვესმის მათი შეშფოთება შექმნილი უხერხული გარემოებების გამო.

მომხდარი გვარწმუნებს იმაში, რომ საჭიროა ქმედების გააქტიურება, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეალური მდგომარეობის შესახებ მართალი ინფორმაციის მიწოდების მხრივ. ჯერ არავის გამოსვლია სიმართლის დიდი ხნით დამალვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მედოევი სემინარზე მოხსენებით, „სამხრეთ ოსეთი – ისტორია და თანამედროვე რეალობა“ უნდა გამოსულიყო.

ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემია, თავდაცვის აკადემიების კონსორციუმი და უსაფრთხოების სფეროში კვლევითი ინსტიტუტები, ასევე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების საკითხების მთავარი სამმართველო.