სარჩელი გიორგი გახარიას წინააღმდეგ - ბაჩანა შენგელია მინისტრის გამოკითხვას ითხოვს

სარჩელი გიორგი გახარიას წინააღმდეგ - ბაჩანა შენგელია მინისტრის გამოკითხვას ითხოვს

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩა შენგელიამ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. შენგელია  გიორი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური გახარიას ბრძანებით შევიდა. ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებას ვიდეო მასალასაც გადასცემს. 

"გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ  4 ნოემბრიდან იმყოფებოდა ზუგდიდში. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი იყო სკოლებთან დაკავშირებით. არჩევნების პირველ ტურში არ იყო კარგი შედეგი და ეს გარკვეულწილად დააბრალეს სკოლებს. ამ შეხვედრაზე გადაწყვიტეს  ერთ-ერთი სკოლა დაესაჯათ სამაგალითოდ და ამისთვის შეარჩიეს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა. გახარია დაუკავშირდა განათლების მინისტრს და დაავალა გამოეგზავნა მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც გაათავისუფლებდა სკოლის დირექტორს თანამდებობიდან.

პროკურატურას მივმართავ, რომ გამოიკითხოს გახარია და სხვა დანარჩენი პირები, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში და მიეცენ პასუხიმგებლობაში", - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე, გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.