„ვფიქრობ რომ წნეხი დიდი არ უნდა იყოს“ - კობა გვენატაძე ლარის კურსზე

„ვფიქრობ რომ წნეხი დიდი არ უნდა იყოს“ - კობა გვენატაძე ლარის კურსზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც საშუალებას აძლევს კურსს, რომ გაითვალისწინოს ყველა ის მოლოდინი, რომელიც ცნობილია ეკონომიკური აგენტებისთვის და მათ შორის ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირების მოლოდინი, რომელიც რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აკრძალვიდან გამომდინარე გაჩნდა, მოლოდინებზეც აისახა.

„ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, აისახა მოლოდინებზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.

მისივე თქმით, რთულია იმის განსაზღვრა რა გავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე შექმნილი ვითარება, თუმცა ამბობს, რომ წნეხი დიდი არ იქნება.

„დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგანაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშების კუთხით პირველ კვარტალში, ვფიქრობ რომ წნეხი დიდი არ უნდა იყოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.