„წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად საკმარისი არ არის“ - „მამიდას“ ადვოკატი

„წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად საკმარისი არ არის“ - „მამიდას“ ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებულის როენა ხუცურაულის  სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა, ასევე ბრალდების მხარემ ერთი მოწმე წარადგინა.

ბრალდებულის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.

„დღეს ბრალდების მხარემ ერთი მოწმე წარმოადგინა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულების გამოკვლევა დაიწყო. დაცვის მხარე თვლის,რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში ყველა ბრალდებული გამართლდება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული სწორედ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როენა ხუცურაული წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.