მესამე მოსმენიდან კანონპროექტი უნდა დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე - შალვა შავგულიძე

მესამე მოსმენიდან კანონპროექტი უნდა დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე - შალვა შავგულიძე

„ვენეციის კომისიის დასკვნისა და მეორე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი ისევ შეიცავს იმ ძირითად მანკიერებას, რომელსაც შეიცავდა მანამდე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ყოველგვარი კრიტერიუმისა და პროცედურის გარეშე, თვითნებურად წარადგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში. პირველ ეტაპზე, როდესაც იუსტიციის საბჭო რეგისტრირებულ სიას ამცირებს ვაკანსიების ოდენობაზე ორჯერ ან სამჯერ მეტ ოდენობამდე, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი კრიტერიუმის გათვალისწინების გარეშე ხდება გადაწყვეტილების მიღება. მეორე ეტაპზე კი, როდესაც იუსტიციის საბჭო ამ რაოდენობას ამცირებს ვაკანსიების რაოდენობამდე, ასეთ შემთხვევაში სამოსამართლო უფლებამოსილების მქონე კანდიდატებთან დაკავშირებით გამოიყენებს მხოლოდ კომპეტენტურობის კრიტერიუმს და არ გამოიყენებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასება უჭირს კლანს იმ მოსამართლეების, რომლებიც მათგან და ხელისუფლებიგან მართვადი არიან. შესაბამისად, ამ მოსამართლეებს არიდებენ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას და სურთ, რომ შესაძლებელი გახდეს პარლამენტის წინაშე წარდგენა. ასე, რომ ეს კანონპროექტი, სამწუხაროდ, მორგებულია არა მართლმსაჯულების, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესებზე, რომ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ კლანს მიეცეს კანდიდატების თვითნებურად შერჩევის და წარდგენის შესაძლებლობა. ეს კი ძალიან დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ