იოსებ სტალინი - ისტორიის მონსტრი, რომელიც მშობლიურ ქალაქში ტურისტების მაგნიტი გახდა

იოსებ სტალინი - ისტორიის მონსტრი, რომელიც მშობლიურ ქალაქში ტურისტების მაგნიტი გახდა

იოსებ სტალინი კარგად მღეროდა; მისი მმართველობის დროს 9 ათასი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო შეიქმნა; სტალინის ერთ-ერთი შვილიშვილი ამჟამად პორტლენდში ორეგონის შტატში (აშშ) მაღაზიას ფლობს; იმ საჩუქრებს შორის, რომლებსაც იოსებ სტალინს მისი თაყვანისმცემელი საბჭოთა მოქალაქეები უძღვნიდნენ, ერთი დიდებული „შუბაც“ არის, რომელიც ახლა მინის კარადაში ჰკიდია... - აი, სულ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ გორში, ყოფილი საბჭოთა ლიდერის მშობლიურ ქალაქში მდებარე მუზეუმის დათვალიერების დროს ექსკურსანტებისთვის ხდება ხოლმე ცნობილი.

მუზეუმს, რომელიც 1957 წელს გაიხსნა, იოსებ სტალინის სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ, მკაცრი ექსტერიერი აქვს - სოციალისტური კლასიკის სტილში და ინტერიერი, რომელიც სავსეა ნახატებით, ფოტოსურათებით და პირადი საჩუქრებით. მუზეუმის შესასვლელთან, მარცხენა მხარეს, რკინიგზის ვაგონი დგას, რომლითაც იოსებ სტალინი გერმანიაში, პოტსდამში, 1945 წლის ზაფხულში გამართულ კონფერენციაზე გაემგზავრა. ფანჯრების ფარდები ისევ შემორჩენილია, ტყვიაგაუმტარი მინებით.

მუზეუმის გიდის ლაპარაკის ტონს მსმენელები აღტაცებაში მოჰყავს: იგი ჰყვება სიღარიბეში გაზრდილ ბიჭზე, რომელიც გაჭირვებისა და მეფისდროინდელ საპყრობილეებში განცდილი ტანჯვის შემდეგ ხელისუფლების მწვერვალზე მოექცა. იატაკზე წითელი ხალიჩები აფენია. იოსებ სტალინის სიკვდილისშემდგომი ნიღაბი მარმარილოს სადგამზე დევს - როგორც საყვარელი ბელადი თავის სამფლობელოში.

რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარე საქართველო პატარა სახელმწიფოა, თავისი განთქმული სამზარეულოთი, დიდებული პეიზაჟებით, მსოფლიოში განთქმული და ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით. სამწუხაროდ, საქართველო ასევე ცნობილია იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილითაც (Ioseb Besarionis dze Jughashvili) - მეჩექმის [ხარაზის] შვილით და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დამნაშავით.

იოსებ სტალინის სტატუსი ქართველი ჩინოვნიკებისათვის პრობლემად იქცა: როგორ უნდა შეეთავაზებინა ქვეყანას ასეთი მონსტრი დანარჩენი მსოფლიოსათვის?

ამ კითხვაზე პასუხს შეიძლება თვითონ ექსკურსიის დროს მივხვდეთ: გიდები არაფერს ლაპარაკობენ „გულაგ“-ზე - მონადქცეული ადამიანების ბანაკებზე და საპყრობილეებზე, რომლებმაც მილიონობით ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. არაფერი არ ითქმება დიდ წითელ ტერორზეც და არც სტალინური წმენდების კამპანიებზე, რაც 1930-იან წლებში ხდებოდა. ოდნავი მინიშნებები კეთდება მხოლოდ კოლექტივიზაციის პერიოდზე, როცა შიმშილის გამო მილიონობით უკრაინელი დაიღუპა. მაგრამ თუ თქვენ არაფერი იცით ასეთ ფაქტზე, მაშინ გიდის მონაყოლით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ საქმე მხოლოდ დიდ წარმატებას ეხება, რომელსაც თან მცირე შეცდომები ახლდა. „დიახ, საბჭოთა პერიოდში, კოლექტივიზაციის დროს, შეცდომებიც იქნა დაშვებული“, - ამბობს გიდი და სწრაფად გადადის ექსპონატების ერთი სტენდიდან მეორეზე, - „და მაინც, კოლმეურნეობები წარმატებით შეიქმნა“.

საქართველოს მცდელობა, თუ რა უნდა ექნა სტალინისა და მისი მემკვიდრეობისათვის, ზოგჯერ მოულოდნელ გადაწყვეტილებას იწვევდა: მაგალითად, 2013 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმად, საქართველო ჩინელებისთვისაც ისეთი ყოფილიყო, როგორიც ისრაელია ქრისტიანებისათვის: „ჩვენ შეგვიძლია ჩინეთის ბაზარზე იოსებ სტალინი ტურისტულ პროდუქტად წარმოვადგინოთ“, - განაცხადა გიორგი სიგუამ, - „ისევე როგორც ებრაელები წარადგენენ იესო ქრისტეს“. გიორგი სიგუა თანამდებობიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.

მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სტალინის როგორც ტურიზმის ობიექტად სახელმწიფო მხარდაჭერაზე, მაგრამ ბელადი მაინც დარჩა მთავარ ფიგურად, განსაკუთრებით ჩინელებისა და რუსებისათვის. როგორც გორის ტურისტული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თეა ჩუბინიძე ამბობს, გასულ წელს იოსებ სტალინის მუზეუმს 162 ათასი მნახველი ეწვია: „ეს ყველაზე მეტია საქართველოს სხვა მუზეუმებთან შედარებით“.

რასაკვირველია, ამ ციფრის გადამოწმება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩინოვნიკები უარს ამბობენ კომენტარი გაუკეთონ იოსებ სტალინის სახელთან დაკავშირებულ ტურიზმს. მათი მდგომარეობა გასაგებია: საკითხი ხომ მართლაც საკმაოდ მგრძნობიარეა.

იოსებ სტალინი ღრმა ემოციებს იწვევს იმ ქვეყნის მოსახლეობაში, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ბელადის სახელს განსაკუთრებით აფასებს ქალაქ გორის მოსახლეობა - მათ შორის უფროსი თაობის მოქალაქეები, რომლებიც სტალინს ეპოქალურ ფიგურად თვლიან: იმ კაცად, რომელმაც უძლიერესი იმპერია შექმნა და მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ფაშისტები დაამარცხა. „იგი უბრალო ადამიანი იყო, რომელიც დიდი ქვეყნის ლიდერი გახდა“, - ამბობს 70 წლის ყოფილი მშენებელი მერაბ ბაჩატაძე, რომელიც იოსებ სტალინის მუზეუმის ახლოს არსებულ პარკში სკამზე ზის. „იგი გენიოსი იყო“, - კვერს უკრავს გივი ლურსმანაშვილი.

ბევრი ქართველი ახალგაზრდა უფროსი თაობის წარმომადგენლების ასეთ ხედვებს გონებაჩლუნგობად და იმავდროულად შემაშფოთებლადაც მიიჩნევს. მათი აზრით, იოსებ სტალინი თავისი სამშობლოს მიმართ მაინცდამაინც დიდ სენტიმენტალობას არ იჩენდა და ათწლეულების განმავლობაში, პირიქით, ზედმეტ სიმკაცრესაც კი ამჟღავნებდა: 400 ათასზე მეტი ქართველი გადასახლებული იქნა, მათი უმრავლესობა კი შემდეგ დახვრიტეს.

„შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ 1930-იან წლებში მომხდარი რესპრესიების დროს პროცენტულად უფრო მეტი ქართველი იქნა დასჯილი, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში“, - წერს თავის წიგნში საიმონ მონტეფიორე სახელწოდებით „ახალგაზრდა სტალინი“, - „ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ იგი ახლოს იცნობდა ქართველ ხელმძღვანელებს“.

რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება დიდი ხანია არარ არსებობს, მაგრამ საქართველოში მოსკოვი ავისმომასწავბელე ყოფნას ინარჩუნებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორი ეერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი იყო, რომელსაც რუსეთი ბომბავდა და მისი ხანმოკლე დროით ოკუპაცია მოხდინა. მართალია, დღეს გორი რუსეთს აღარ აქვს დაკავებული, მაგრამ ქვეყნის 20% კვლავ მოსკოვის ხელშია. თუმცა ბევრი ადგილობრივი ქართველისათვის ამ ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის სულ ერთია. მთავარი ისაა, რომ სტალინს მათი ჯიბისათვის ლარი მოქვს.

იოსებ სტალინის მუზეუმის ახლოს, ქუჩის გადაღმა, სუვენირების ბევრი მაღაზიაა, რომლებიც ფართო სტალინური ასორტიმენტით ვაჭრობენ - დეკორატიული თეფშებით, ყავის ფინჯნებით, მცირე ბიუსტებით, ჩანთებით, ჩიბუხებით, სანთებლებით და სხვა საგნებით.

ფინანსურ საკითხთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია ის თვალსაზრისი, რომელიც გორშია გავრცელებული: იოსებ სტალინი თურმე კომუნისტი არ ყოფილა, იგი საკუთარ თავს ბოლშევიკად ასაღებდა, მაგრამ სინამდვილეში ქართველი ნაციონალისტი იყო. „ბევრი ის ადამიანი, რომლებსაც იოსებ სტალინთან ურთიერთობა ჰქონდათ, ამბობს, რომ მას სახლში ჯვარი ჰქონდა შენახული. ესე იგი, სტალინი ქრისტიანი იყო“, - ამბობს ნუცა ბათიაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დოცენტი, რომელმაც სტალინის როლზე ბევრი რამ აქვს დაწერილი, - „ის ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ იოსებ სტალინმა კრემლში ქართული სამზარეულოს კერძები მნიშვნელოვანი გახადა, ხოლო ქართული სადღეგრძელოები კრემლის ეტიკეტის აუცილებლობად აქცია... მესმის, რომ ჩემი ნათქვამი შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ იოსებ სტალინმა საქართველოს ბევრი სარგებლობა მოუტანა“.

მართლაც, პატარა გორს დიდმა სტალინმა მსოფლიოში სახელი გაუთქვა, ცნობილი გახადა საერთაშორისო არენაზე. ბელადის მიმართ გორელების სიყვარული ზოგჯერ გაზეთების სტატიების დასახელებაშიც გაკრთებოდა ხოლმე.

2010 წელს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იოსებ სტალინის უზარმაზარი ქანდაკება მოხსნეს, რომელიც ქალაქის ცენტრში არსებულ სტალინის სახელობის გამზირზე დიდი ხნის განმავლობაში იდგა. მიმდინარე წლის მაისში, როცა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნა, გორელ აქტივისტთა ჯგუფმა მოითხოვა, რომ ქანდაკებია ისევ იმ ძველ საამაყო ადგილზე დადგმულიყო. ცხადია, მათი მოთხოვნა იგნორირებული იქნა. თავის მხრივ, გორელებმაც უყურადღებოდ დატოვეს მთავრობის მოთხოვნა, ნაკლებად განედიდებინათ სტალინის როლი და დამსახურება. 2012 წელს კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ცვლილებები განხორციელდებოდა - მუზეუმში პატივი მიეგებოდა სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნასაც, ცვლილებები შეეხებოდა აგრეთვე ისტორიული ფაქტების „ობიექტურად გადმოცემასაც“.

მუზეუმში კაპიტალური „იდეოლოგიური რემონტი“ არ განხორციელებულა, თუმცა მას დაემატა ოთახი მაგიდით, სადაც დაპატიმრებულებისაგან აღიარებას იღებდნენ, ასევე დაემატა ციხის კამერის რეპროდუქცია. ამის მიუხედავად, ასეთ მცირე ცვლილებებზეც კი გიდები არ ლაპარაკობენ. აი, ახლაც ევროპელი ტურისტებისთვის ოთახი და კამერა არც უჩვენებიათ და როცა გიდმა ექსკურსია სწრაფად დაასრულა სიტყვებით - „გმადლობთ მობრძანებისათვის, წარმატებებს გისურვებთო“, ტურისტები გაოცებულნი დარჩნენ. „აქ იოსებ სტალინი გმირად წარმოგვიდგინეს“, - გაღიზიანებით ამბობს გერმანელი იოჰან დიკმანი, რომელიც უკმაყოფილების ნიშნად თავს აქნევდა, - „საქართველოს ძალიან ბევრი ცნობილი მწერალი ჰყავდა, რომლითაც ქართველები დღესაც ამაყობენ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან იმას, რომ იოსებ სტალინმა ყველა „გულაგ“-ში გაგზავნა და დახოცა“.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

«The New York Times» (აშშ), 3 ივლისი, 2019 წელი

https://www.nytimes.com/2019/06/30/world/europe/stalin-museum-georgia-russia.html?searchResultPosition=2