„ოგბაიძესა და ტალიაშვილს რუსული ბიზნესინტერესები აქვთ“ - ლევან ხაბეიშვილი

„ოგბაიძესა და ტალიაშვილს რუსული ბიზნესინტერესები აქვთ“ - ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილისა და ასევე საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის შესაძლო რუსულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს.

კერძოდ, როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ტალიაშვილი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ქონებას ფლობენ და ასევე, რუსულ ბანკებში აქვთ მიმდინარე ანგარიშები.

„საქართველოში არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი რომ არის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ასევე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დღეს რუსი გიორგი გახარია იკავებს, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროსაც დადიოდა რუსეთში და ჰქონდა კონკრეტული ბიზნესინტერესები. ასევე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რვა წლის განმავლობაში რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია არც ერთი რუსი აგენტი, არ არის გამოვლენილი და დაკავებული.

მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ვხედავთ ყოველდღიურად სხვადასხვა საჯარო სამსახურში პრორუსულად განწყობილ საჯარო მოხელეებს, მათ შორის უკანასკნელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვნახეთ, როცა ქალბატონმა პრორუსული განცხადებები გააკეთა. მნიშვნელოვანია, თბილისელებმაც იცოდნენ მათ მიერ არჩეული დეპუტატების რუსული ბიზნეს ინტერესების შესახებ. საზოგადოებას მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ქალბატონი თამარ ტალიაშვილის და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების შესახებ, რომლებსაც უძრავი ქონება აქვთ მოსკოვში და ეს ქონება 2008 წლის შემდეგაა შეძენილი, კერძოდ, 2011 წელს. დღეს მიმდინარე ანგარიშებზე „ალფა ბანკში“ და „როს ბანკში“ აქვთ ასი ათასობით ლარი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ალფა ბანკი“ არის ბანკი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და აფხაზეთში, კერძოდ გაგრასა და სოხუმში ფილიალები აქვს.

ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთში ბიზნესინტერესი შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს საკრებულოს კიდევ ერთ წევრს, შალვა ოგბაიძეს.

„თამარ ტალიაშვილის გარდა, რუსულ ბიზნესთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს შალვა ოგბაიძეს, რომელსაც თავის დეიდაშვილთან ერთად რუსეთიდან სახელმწიფოსთვის ჩამოჰყავს ნივები. ჯამში სახელმწიფომ ორ მილიონ 900 ათასი ლარის ნივა შეიძინა შალვა ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიისგან. გარდა იმისა, რომ შალვა ოგბაიძის დეიდაშვილი და ოგბაიძე იყვნენ ბიზნეს პარტნიორებიც, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს 139 მილიონი ლარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანიებთან. ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა კონკრეტული სიგნალია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.