ბრუკლინელი ვამპირი - ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი აშშ-ში

ბრუკლინელი ვამპირი - ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი აშშ-ში

კარგი იქნებოდა, ვამპირები და კაციჭამიები მხოლოდ საშინელებათა ფილმების გმირები და ლიტერატურული პერსონაჟები ყოფილიყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანური გარეგნობის ასეთი არსებები რეალურ ცხოვრებაშიც გვხვდებიან და შესაძლოა ჩვენს გვერდითაც კი ცხოვრობენ. არცთუ იშვიათად ისინი საზოგადოების ღირსეული წევრების რეპუტაციით სარგებლობენ, ღვთისმოსავ ადამიანთა როლს ირგებენ, წმინდა წერილის ციტირებით აბრიყვებენ გარშემომყოფთ, გამუდმებით ლოცულობენ და ამა თუ იმ ეკლესიის მრევლს განეკუთვნებიან.

სწორედ ასეთ პიროვნებას წარმოადგენდა ბრუკლინელ ვამპირად წოდებული ვინმე ალბერ ფიში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სერიული მკვლელი, პირუტყვული ჟინით შებყრობილი, გონებამიუწვდომელი სისასტიკით გამორჩეული კანიბალი იყო, საკუთარ თავს არათუ მორწმუნე ადამიანად, არამედ „ცოცხალ ღმერთადაც“ კი მიიჩნევდა. სინამდვილეში ამ ზნედაცემული არსების საარაკო სისასტიკე და ცინიზმი ჯეკ მფატრავსა და ჩიკატილოსაც კი შეშურდებოდა.

ალბერ ფიში,1870 წელს, შეძლებულ და მეტად პატივცემულ ოჯახში დაიბადა, თუმცა 5 წლის ასაკში დაობლდა. მომავალი მკვლელი, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გაამწესეს, სადაც პატარა ალბერი თავს უკიდურესად უბედურად გრძნობდა. ა. ფიში,15 წლის ასაკამდე, ძილში გამუდმებული უნებლიე შარდვის გამო, პრობლემურ მოზარდად ითვლებოდა. აღმზრდელები მას ამის გამო დუნდულებზე სისხლის დადინებამდე ურტყამდნენ. მოზარდს, აღმზრდელი ქალების ამგვარი გაროზგვები თანდათანობით სექსო-მაზოხისტურ ნეტარებად გადაექცა...

ალბერმა 1898 წელს, საკმაოდ მოწიფულ ასაკში იქორწინა 19 წლის გოგონაზე, რომელიც სავარაუდოდ, ასევე იზიარებდა მეუღლის სადო-მაზოხისტურ მიდრეკილებებს. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომლებმაც პირველებმა შენიშნეს მამის ავადმყოფური მისწრაფებები.

ალბერ ფიში პირველად 1902 წელს დააპატიმრეს მაღაზიიდან 800 დოლარის მოპარვის  გამო, სადაც ის ხელოსნად მუშაობდა. საპატიმროში ყოფნისას, სადაც მან 2 წელი გაატარა, მეუღლემ მიატოვა. გათავისუფლების შემდგომ იგი ერთი შეხედვით მზრუნველი მამის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რის პარალელურადაც რელიგიურ-ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაიძირა. ალბერი უზადოდ ფლობდა წმინდა წერილსა და სხვა საღვთისმეტყველო ლიტერატურას. ეს ეგრეთწოდებული მორწმუნე, შვილებს ცოდვების გამოსყიდვას თვითგვემით აიძულებდა, რომელთაც მამის შიშით თავი სისხლის დადინებამდე მიჰყავდათ.

ფიშმა,1929 წელს განმეორებით იქორწინა, თუმც ამ ქორწინებამ მხოლოდ ერთი კვირა გასტანა. დროის სიმცირეს ფიშისთვის ხელი არ შეუშლია, რათა მეორე მეუღლის ბავშვები თავის გახრწნილ „თამაშებში“ ჩაეთრია. ამის შემდეგ, ალბერი მცირე ხნით ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა რიგი უცნაურობების მიუხედავად, მისი შეურაცხადობა ექიმებმა ვერ დაადასტურეს.

ალბერ ფიში,1934 წელს, მცირეწლოვანი გრეის ბუდის წინასწარ გამიზნული სადისტური მკვლელობის გამო დააპატიმრეს. მკვლელობა მან დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩაიდინა. მომავალი მსხვერპლის ოჯახი ალბერმა საზაფხულო სამუშაოების შესრულების განცხადებიდან გაიცნო. მან ამ ოჯახს თავი წვრილ ბინათმფლობელ ფრენკ ხოვარდად წარუდგა. ბუდების ოჯახი ფიშის მიმართ ნდობითა და პატივისცემით განიმსჭვალა, თავად ალბერი კი მათი უფროსი ვაჟის, 18 წლის ედვარდის წამებით მოკვლასა და და შეჭმას გეგმავდა. ორიოდ დღეში, როდესაც „ბატონი ხოვარდი“ ედვარდის გასასეირნებლად გამოცხადდა, სახლში პატარა გრეისი დახვდა. ფიშმა უცებ შეცვალა გეგმა და ოჯახს გრეისის „ბავშვთა საღამოზე“ წაყვანა შესთავაზა, რომელსაც ვითომდა მისა და აწყობდა. გაბრიყვებულმა მშობლებმა, ფიშს ბავშვი ორიოდე საათით გააყოლეს. მან პატარა მატარებლით წაიყვანა ვესტჩესტერის საგრაფოში, ერთ მიგდებულ სახლში და სანამ აღფრთოვანებული ბავშვი მდელოზე ყვავილებს კრეფდა, მკვლელმა მსხვერპლს გასძახა, თავად ტანთ გაიხადა და ისე დახვდა. ბავშვი ფიშის სიშიშვლემ შეაშინა და კივილი მორთო, თუმცა უკაცრიელ ადგილას მშველელი საიდან გამოჩნდებოდა?!.. ცოფმორეულმა მოძალადემ პატარას ტანისამოსი შემოაფლითა, მოახრჩო და  უბედურ მსხვერპლს თავი მოახერხა. გვამი ყასბის დანით აქნა, ნაწილი იქვე შეჭამა, სხეულის დაქუცმაცებული ნაწილები კი გადაახვია და „საგზლად“ გაიყოლა.

საცოდავი ბავშვის ველურად მოკვდინების შემდეგ, მსხვერპლის დედას წერილი გაუგზავნა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ამ თავზარდამცემი მკვლელობის დეტალები. ცინიკოსი მანიაკი  მსხვერპლის დედას იმით „ანუგეშებდა“, რომ მოკლულის უბიწოებას არ შეხებია და იგი ქალწულად აღესრულა.

გამომძიებლებმა ავაზაკს სწორედ მისი კალიგრაფიის მეშვეობით მიაკვლიეს..

ზუსტი ციფრი არავინ უწყის, თუმცა, ფიშის ავადმყოფური გატაცების მსხვერპლთა რაოდენობა 200-დან 400 ადამიანამდე მერყეობს, ხოლო მოკლულთა რაოდენობა - 15-ია

ადამიანის გვამებისა და ექსკრემენტების მჭამელ სისხლისმსმელ სადისტს, რომელსაც ყოვლად წარმოუდგენელი გახრწნილებანი აღაგზნებდა, სასამართლომ ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯა. ფიში ამ გადაწყვეტილებამ კი დაადარდიანა, მაგრამ იგი ელექტროსკამზე აღსასრულს მის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელ ეროტიულ აქტად მიიჩნევდა.

ფიშის მოსაკვდინებლად დენის ორჯერ ჩართვა გახდა საჭირო, რადგან პირველი მცდელობისას არ გარდაიცვალა...

ალბერ ფიში „სინგ-სინგის“ ციხეში იმ დროისთვის ყველაზე ხნიერი და ალბათ მსოფლიოში ყველაზე ჭკუაშერყეული სიკვდილმისჯილი იყო...

 

მოამზადა: ზურაბ ქელეხსაშვილმა