„აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება" - ნინო სუხიშვილი ბრალდებებს პასუხობს

„აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება" - ნინო სუხიშვილი ბრალდებებს პასუხობს

გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან  The Guardian-თან ინტერვიუში თქვა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

"ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: "რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!". ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ", — ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

აღნიშნულ ბრალდებას, ნინო „პრაიმტაიმის“ მეშვეობით პასუხობს.

აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე - ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?" - ამბობს ნინო სუხიშვილი.