რა ქონებით ტოვებს მიხეილ გიორგაძე თანამდებობას

რა ქონებით ტოვებს მიხეილ გიორგაძე თანამდებობას

მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. 

საინტერესოა, რა ქონებას ფლობს მიხეილ გიორგაძე, რომელიც, სავარაუდოდ, ბიზნესსაქმიანობაში აპირებს დაბრუნებას.

როგორც 2019 წლის 19 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრის მოადგილის პოსტზე მისმა შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 72 214,34 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ამ ტიპის ქონება არ ფიქსირდება. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 10 636.17 ლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული, მის საკუთრებაშია სს „ლიბერთი ბანკის“ აქციები, რომელიც 2010 წელს 4 304,09 ლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, მისი მეუღლე ფლობს 166 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 1 977,7 ევრო და 34,51 ლარი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე 2014 წლის წლის 23 ივლისიდან - 2017 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. უკვე 2018 წლის 15 ივლისიდან კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

ბიზნესპრესნიუსი