მოსკოვი-პეკინი: კონფლიქტი გარდაუვალია? სრულიადაც არა!

მოსკოვი-პეკინი: კონფლიქტი გარდაუვალია? სრულიადაც არა!

რუსეთ–ჩინეთის ურთიერთობა ბოლო 20 წლის განმავლობაში – ეს არის ნელი, მაგრამ განუხრელი პროგრესი. ერთი მხრივ – მოსკოვისა და პეკინის მხრიდან მრავალჯერ იყო მცდელობები, რომ ეს პროგრესი რადიკალურად დაჩქარებულიყო, მაგრამ მთლიანობაში წარუმატებლად მთავრდებოდა, მეორე მხრივ, რუსეთ–ჩინეთის ურთიერთობის განვითარების შეჩერება ვერ შეძლო ვერც ცალკეული პროექტების ჩაშლამ, ვერც რუსეთ–აშშ–ის ხანმოკლე დაახლოებამ 11 სექტემბრის შემდეგ და ვერც 2009 და 2014 წლების კრიზისებმა.

გასულ წლებში ჩინეთი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა რუსეთის საგარეო ვაჭრობაში. ასევე ყოველწლიურად ორივე მხარე სულ უფრო უახლოვდებოდა ერთმანეთს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ამჟამად ჩინეთი რუსეთის მეორე სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის შემდეგ. პეკინი ასევე ყველაზე სანდო კონტრაგენტს წარმოადგენს მოსკოვისათვის თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში დიდ ქვეყნებს შორის.

დასავლური მიდგომა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებისადმი, დაწყებული 1990-იანი წლების ბოლოდან, ამ პარტნიორობის იგნორირებით გამოიხატებოდა: მოსკოვისა და პეკინის დამოკიდებულებას დასავლეთი მიიჩნევდა როგორც კრემლის ერთგვარ მიამიტურ სვლად პეკინისაკენ, აშშ-ის დასანახავად. ამგვარ ხედვაში გამოირიცხებოდა მტკიცე პარტნიორობა, მათ შორის ეკონომიკურიც. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ რუსეთ-ჩინეთის მიერ დაწყბული კავშირების იგნორირებას (სხვათა შორის, ვაშინგტონის მხრიდანაც) თითქოსდა გარეგნულად მართლაც ჰქონდა საფუძველი, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ მომენტს: თუ ვაჭრობა მაინცდამაინც დიდი მოცულობისა არ იყო, ამას ვერ ვიტყვით სამხედრო სფეროზე - რუსეთის დახმარება ჩინეთისადმი იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ პეკინმა უპრეცედენტო ნახტომი გააკეთა ჩვეულებრივ შეიარაღებაში და უკვე 2010-იანი წლების დასაწყისისათვის დიდი სამხედრო ძლიერების მქონე სახელმწიფოდ გადაიქცა. ამის შედეგად აშშ იძულებული გახდა თავისი სამხედრო დაგეგმვები უკვე ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით განეხორციელებინა. რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძალთა განლაგებაზე არა მარტო აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთისადმი დახმარებით მოსკოვმა ძლიერი წვლილი შეიტანა რეალური მრავალპოლარულობის ჩამოყალიბებაში.

უკვე 2010 წლისათვის რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობა პრინციპში დასავლეთისათვის შეუძლებელი გახდა. იგნორირებას აღიარება ცვლის: მოსკოვისა და პეკინის პარტნიორობა მართლაც სერიოზულია. თუმცა მაინც ისმოდა განცხადებები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს და მათი ურთიერთობა გრძელვადიანი არ იქნებაო. „მე ძალიან მცირე საფუძველს ვხედავ იმისა, თუ რას შეუძლია გააღრმავოს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი.

დასავლელი ანალიტიკოსებისა და კომენტატორების აზრით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, მაინც წინააღმდეგობრივი გახდებოდა და „ჩამოიშლებოდა“: ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა - უპირველესად კი „ჩინური ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში“, „პეკინისა და მოსკოვის ინტერესების დაპირისპირება ცენტრალურ აზიაში“ და ბოლოს - ის გარემოება, რომ „ორივე სახელმწიფო ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და ამიტომ ისინი იძულებულნი იქნებიან ერთმანეთში საფრთხე დაინახონ“, განსაკუთრებით „მათი ორმხრივი ურთიერთობების მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის“ გათვალისწინებით.

მაგრამ დასავლური წინასწარმეტყველების მიუხედავად, „ჩინური დემოგრაფიული ექსპანსიის“ მატერიალიზება არ მომხდარა: ბოლო ათწლეულში ჩინელთა მიგრაცია რუსეთში კი არა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებიდან სამხრეთ ჩინეთში, უფრო მეტად აყვავებულ მეგაპოლისებისაკენ ხდება. რუსული რუბლის 2009-2014 წლების დევალვაციის შედეგად (დოლართან და იუანთან მიმართებით), ჩინელთა მასიური მიგრაცია რუსეთში, დასქაქმების თვალსაზრისით, წინასწარ აბსურდული გახდა. რა თქმა უნდა, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ჩინური ბიზნესის არსებობა შესამჩნევია, მაგრამ მის დომინირებაზე ლაპარაკი გამორიცხულია. უფრო პირიქით შეიძლება ითქვას - რუსეთის რიგი რეგიონების ხელისუფლება უუნარობას იჩენს ჩინური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში.

რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში კონკურენციას, ეს მართლაც არსებობს, მაგრამ რამდენდაც ჩინეთი და რუსეთი აღნიშნულ რეგიონში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით არიან წარმოდგენილნი, კონკურენციას შეზღუდული ხასიათი აქვს. ჩინეთი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისათვის მათი ნედლეულის ექსპორტის ძირითადი მიმღებია, რუსეთი კი - სამუშაო ძალის ექსპორტისა და მზა პროდუქციის იმპორტისა. რეგიონის ქვეყნები თვითონ არიან დაინტერესებულნი დიდ სახელმწიფოებს შორის ბალანსირების პოლიტიკით, ხოლო რუსეთი და ჩინეთი თავიანთ კონკურენციას თვითონვე აკონტროკლებენ, ანუ ზღვარს არ გადადიან.

„ისტორიული მემკვიდრეობის საკითხს“ კი დასავლელი ექსპერტები განგებ „ბერავენ, რადგან წარსულის ურთიერთობის „სიმძიმე“ რეალურად მაინცდამაინც „მძიმე“ არ არის: თვითონ განსაჯეთ - მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, როცა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დამყარდა, ორ მეზობელი ერთმანეთთან ძალიან იშვიათად თუ ომობდა. რუსეთსა და ჩინეთს შორის კონფლიქტები ვერანაირად ვერ შეედრება იმ ომებს, რაც რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მომხდარა. ჩინეთს უფრო ღრმა კონფლიქტები ჰქონდა იაპონიასთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან, ვიდრე რუსეთთან. აბა, რა მოსატანია იაპონურ ოკუპაციასთან სსრკ-სა და ჩინეთის კომპარტიების კონფლიქტი 1960-1980-იან წლებში? ანდა სასაზღვრო კონფლიქტი, რომელსაც ხანმოკლე ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა და შეთანხმების დადებით ამოიწურა.

დაბოლოს, დასავლელი დამკვირვებლების მიერ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის უარყოფის კიდევ ერთი ფაქტორის შესახებ - რუსეთი ჩინეთის „უმცროს პარტნიორად“ გადაიქცევა, „იძულებული გახდება ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფარვატერს გაჰყვეს და მეორეხარისხოვანი როლი შეასრულოს“. მათი აზრით, რუსეთი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში დიდი „დერჟავის“ სახელთ სარგებლობდა, ადრე თუ გვიან ასეთ  სტატუსს ვერ შეეგუება და მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა დაიძაბებაო. ასე რომ, საკმარისი იქნება, რუსეთს ხშირად შევახსენოთ მისი „უმცროსი პარტნიორობა“, რაც მის გაღიზიანებას გამოიწვევს ჩინეთის მიმართო. ამგვარ მიდგომას ერთი დიდი ნაკლი აქვს - მისი დასაბუთება შეუძლებელია. ის არგუმენტები, რომლებითაც დასავლელი მოაზროვნეები არიან შეიარაღებულნი, მიამიტურ, ბავშვურ ხასიათს ატარებს და საკითხის არსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვეულებრივად, მათი მტკიცების საფუძველი იმაშია, რომ „ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შვიდჯერ მეტია რუსეთზე“ და ის, რომ ჩინეთს უკვე 15% აქვს დაკავებული რუსეთის საგარეო ვაჭრობაში, რუსეთს კი მხოლოდ 2% და ა.შ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კავშირებზე - თანასწორსა თუ უთანასწოროზე, უფრო მეტად ვგულისხმობთ პოლიტიკურ და არა ეკონომიკურ კატეგორიებს. მხედველობაში გვაქვს ერთი მხრის უთანასწორო ალიანსი მეორესთან, ასიმეტრიული ბერკეტებისა და გავლენების გამოყენებით. ბერკეტები შეიძლება იყოს დაკავშირებული  ეკონომიკასთან, პოლიტიკასთან, სამხედრო ფაქტორთან, ზოგჯერ კი - ტექნოლოგიურ დამოკიდებულებაზე ერთმანეთთან. ცნობილია, რომ დიდი მშპ ხშირად არაა იდენტური პოლიტიკურ წონასთან და გავლენასთან. არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ირგვლივ მყოფებს ასე მიმართოს: „შეხედეთ, მე როგორი უდიდესი მთლიანი შიდა პროდუქტი მაქვს! აბა, ყველამ დაიჩოქეთ!“. ასეთი პოზიცია არავის არ მოუტანს სასურველ შედეგს.

განა რა ისეთი ასიმეტრიული ზეწოლის ბერკეტები აქვს ჩინეთს რუსეთის მიმართ?

თუ ეკონომიკურ მხარეზე ვილაპარაკებთ, ჩვეულებრივ, ამ დროს ვალს გულისხმობენ. მაგალითად, ევროპის მიერ პირველ მსოფლიო ომში აშშ-სგან აღებული ვალების მიზეზით ვაშინგტონი ჯერ გავლენიან მოთამაშედ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგივე მიზეზით, უკვე დომინანტად იქცა. ამ ბერკეტზე დაყრდნობით, აშშ-მა თავის პარტნიორებს უარი ათქმევინა თავიანთი კოლონიური იმპერიებისათვის ბრძოლაზე.

ჩინეთს, რა თქმა უნდა, მოსკოვზე ზეწოლისათვის საგარეო ვალებით ზემოქმედების ეფექტური ინსტრუმენტი არ აქვს. რა თქმა უნდა, მოსკოვი გულდასმით ადევნებს თვალს, რომ ასეთი რამ არ გაჩნდეს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ რუსეთს ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მშპ-ს მოცულობასა და საგარეო ვალის პროპორციაში. რუსეთის დღევანდელი საგარეო სახელმწიფო ვალი (2019 წლის აპრილისათვის) მოკრძალებულ 51 მილიარდ დოლარს შეადგენს (11 მილიარდი - სავალუტო კრედიტების გარანტიებით, 38 მილიარდი კი - ევრობონდების დავალიანების სახით). ბუნებრივია, ვალების ასეთ სტრუქტურაში პეკინისათვის ადგილი არ რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ერთობლივი საგარეო ვალი გადაიფარება ქვეყნის ოქროსა და ვალუტის რეზერვებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვალების წილი კი ბევრად მცირეა. რუსეთის საბანკო სექტორის მონაცემების თანახმად, 2019 წლის დასაწყისისათვის ჩინეთისადმი ვალი მხოლოდ 4,5 მილიარდი დოლარით გამოიხატება.

ჩინეთი რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისათვის მსხვილი კრედიტორის როლში კრიზისულ 2014-2015 წლებში გამოდიოდა, შემდეგ კი ჩინური კრედიტების შემოდინება რუსეთის ეკონომიკაში მკვეთრად შემცირდა. პარალელურად, რუსულმა ბიზნესმა ჩინური ვალების გადახდა უფრო სწრაფად დაიწყო, ვიდრე ახალი კრედიტების აღება. აღსანიშნავია, რომ რუბლის კურსის მკვეთრად დაცემის მომენტის დროს (2014 წელს) ჩინეთი მოსკოვს ფინანსურ დახმარებას სთავაზობდა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა.

რუსეთის ხელმძღვანელობა ფრთხილად ეკიდება ჩინეთთან ერთობლივ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი თვლის, რომ მათ  ბიუჯეტზე დამატებითი დატვირთვისა და ჩინელი პარტნიორების მიმართ დამატებითი ვალების გამოწვევა შეუძლიათ. ასეთი პოზიცია პირდაპირ აისახება რუსეთის მონაწილეობაზე ჩინურ პროექტბში „გზისა და სარტყლის“ ჩარჩოებში, თუმცა პოლიტიკურ დონეზე მოსკოვი ამ ინიციატივაში პეკინს მხარს უჭერს. 2019 წლის მარტის ბოლოს, პეკინში „გზისა და სარტყლის“ სამიტის წინ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება „მოსკოვ-ყაზანის“ ჩქაროსნული რკინიგზის მაგისტრალის პროექტის რეალიზების გაურკვეველი ვადით გადადების თაობაზე და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ პროექტს სწორედ „გზისა და სარტყლის“ ინიციატივისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობის ანალიზის დროს, აშკარად თვალშისაცემია ის დისბალანსი, რომელიც ორი ეკონომიკის მოცულობის სხვადასხვაობიდან გამომდინარეობს. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია მისით სარგებლობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას - შანტაჟისთვის ან მოსკოვზე ზეწოლისათვის. ჩინეთთან ვაჭრობაში, ისევე როგორც საერთოდ რუსულ ექსპორტში, დომინირებს სათბობ-ენერგეტიკული რესურსები (73% - 2018 წელს). რუსეთი ჩინეთისათვის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია და ამ მხრივ პირველი ადგილის დასაკავებლად საუდის არაბეთ ეჯიბრება.

რასაკვირველია, ასეთი სურათი, ანუ მხოლოდ სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ექსპორტის დომინირება რუსეთის ეკონომიკისათვის ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ საკითხის პოლიტიკურ ასპექტზე ვისაუბრებთ, მაშინ მთელი წინა წლების გამოცდილება იმას მოწმობს, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობა ქმნის უძლიერეს ურთიერთდამოკიდებულებას მიმწოდებელსა და მყიდველს შორის. სხვა პროდუქციით ვაჭრობისაგან განსხვავებით, ენერგოშემცველებით ვაჭრობის დროს ზეწოლის განხორციელება ყოველთვის დაუყონებლივ იწვევს მნიშვნელოვან დანაკარგებს იმპორტიორი ქვეყნისათვის, ამიტომაც ის ამგვარ ნაბიჯს იშვიათად თუ გადადგამს.

ის, თუ რამდენად კარგად გრძნობს თავს ენერგორესურსების მსხვილი ექსპორტიორი, ჩვენ შეგვიძლია რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის მაგალითზეც დავრწმუნდეთ, უკრაინის კრიზისის ფონზე.

ჩინეთისათვის ტექნოლოგიურ სფეროში რუსეთი კვლავ შესამჩნევს მიმწოდებლად რჩება - სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკითხში, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამრიგად, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩინეთი რუსეთში უფრო მეტად სამოქალაქო მანქანებსა და მოწყობილობებს გზავნის, საქმე ორმხრივ დამოკიდებულებას ეხება. ჩინეთიდან გარკვეული კომპონენტები რუსული სამხედრო ტექნიკისათვის, მართალია, შემოდის, მაგრამ ის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი რაოდენობით არაა და ვერანაირად ვერ შეედრება რუსული სამხედრო ტექნიკის მიწოდებას ჩინეთში.

და ბოლოს, რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო აქტიურ და გავლენიან მოთამაშედ რჩება, ვიდრე ჩინეთი. მიუხედავად პეკინის მიერ დეკლარირებული  „დიდი სახელმწიფოს დიპლომატიაზე“ გადასვლისა, ჩინეთის საგარეოპოლიტიკური აპარატი კვლავ ერთობ მოუქნელ სისტემად რჩება და ეფექტურად ვერ მოქმედებს რისკებისა და სიტუაციის სწრაფი ცვლილებების დროს. მოსკოვი და პეკინი ხშირად გამოდიან კოორდინირებული პოზიციებით საერტასორისო საკითხებში, მაგრამ ამ დუეტში ჩინეთი წამყვან როლს მხოლოდ იმ პრობლემების გადაწყვეტის დროს ასრულებს, რომლებიც უშუალოდ მის საზღვრებთან ჩნდება, ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში.

საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის დროს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში რუსეთის როლი, ჩინეთთან შედარებით, უფრო მნიშვნელოვანი და აქტიურია. ამას მოწმობს, მაგალითად, ვენესუელის ირგვლივ არსებული სიტუაცია: ამ ქვეყანაში რუსეთს, ჩინეთთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლები ეკონომიკური ინტერესები აქვს, მაგრამ მოსკოვი, პეკინზე უფრო მეტ აქტიურობას ამჟღავნებს - პოლიტიკურად და დიპლომატიურად. ამრიგად, როცა ვლაპარაკობთ საერთაშორისო საკითხების მიმართ ორი ქვეყნის მიდგომაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე პირიქით.

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის იდეალიზება არ უნდა მოვახდინოთ. რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთთან გარკვეული წინააღმდეგობები აქვთ, მათ თანამშრომლობაში შეიძლება იყოს აღმასვლებიც და ვარდნებიც. მაგრამ ეს ურთიერთობები აშკარად არ ჯდება იმ ხელოვნურ სქემებში, რომლებიც აგებულია რუსეთის ეკონომიკისა და პოლიტიკის გაუბრალოებულ წარმოდგენებზე.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორი: ვასილი კაშინი, პოლიტიკურ მეცნ.კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

წყარო: ჟურნალი «Россия в глобальной политике» (რუსეთი), 04 ივლისი, 2019 წელი

https://globalaffairs.ru/number/Konflikt-neizbezhen-Otnyud-20090