ჰონგ-კონგის „ქოლგების რევოლუცია“  და ჩინეთის თავისტკივილი

ჰონგ-კონგის „ქოლგების რევოლუცია“ და ჩინეთის თავისტკივილი

პერმანენტული რევოლუციური სიტუაციები ექსკლუზიურ  ქართულ პრობლემატიკას რომ არ წარმოადგენს, ამას ჰონკონგში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ამგვარი მოვლენები პლანეტის ხან ერთ და ხან მეორე კუთხეში იფეთქებს ხოლმე და ცხადია, ყოველ მათგანს თავისი წინაპირობა და გამომწვევი მიზეზები გააჩნია. ბუნებრივია, მღელვარებათა მიზეზი ყოველთვის მატერიალური სიდუხჭირე ან აუტანელი სოციალურ -ეკონომიკური ფონი არაა, თორემ სად მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, ჩვენში ამას წინათ ცნობილი მიზეზების გამო განვითარებული მოვლენები და სად ფინანსურ მექად შერაცხული, ეკონომიკურად აყვავებული ჰონკონგის მდგომარეობა, რომელიც წესითა და რიგით თავისსავე ბედს უნდა შენატროდეს?!.. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სრულებითაც არ არის, მეტიც, ბედნიერი და გალაღებული ჰონკონგი პროტესტის არნახულმა ტალღამ მოიცვა, რაც დროში საქართველოში მომხდარ მოვლენებს დაემთხვა... ალბათ ქართველი „რევოლუციონერები“, თუკი ამისთვის ეცალათ, შურის თვალით შეჰყურებდნენ ჰონკონგში საზოგადოებრივი პროტესტის არნახულ აზვირთებას, რომელშიც სხვადასხვა შეფასებებით, 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროტესტი, მასობრივიც კი, სადღაც „ქვეყნის დასალიერში“ მალევე დაავიწყდებოდათ  ჩვენებურ პოლიტიკოსებს, რომ არა პროტესტანტთა მიერ ჰონკონგის საკანონმდებლო კრების (ადგილობრივი პარლამენტი) შტურმით დალაშქვრისა და ვანდალიზმის სცენები, რომლებიც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

ჰონკონგის პრობლემატიკა ისტორიული წარსულიდან იღებს სათავეს და ის სამყაროსავით ძველია. ეს ტერიტორია, სადაც ისეთივე ჩინელები ცხოვრობენ, როგორც მატერიკულ ჩინეთში, 1842 წელს ე.წ. ოპიუმების პირველი ომის პერიოდში მიიტაცა დიდი ბრიტანეთის იმპერიამ და ნანკინის შეთანხმების შედეგად თავის კოლონიად აქცია. ბრიტანულ მმართველობას მცირე ხნით იაპონელი დამპყრობლები ჩაენაცვლნენ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, ბრიტანული სუვერენიტეტი აღდგა. 1960 წლის რეზოლუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, დიდ ბრიტანეთს ჰონკონგის ჩინეთისათვის გადაცემა მოსთხოვა, რაც გარკვეული პირობების დაცვით, ჩინურ-ბრიტანული ხელშეკრულების თანახმად 1997 წელს განხორციელდა კიდეც.

ჰონკონგის ტერიტორიაზე ბრიტანეთის 150-წლოვანმა სამხედრო-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ყოფნამ რადიკალურად შეცვალა ადგილობრივი ჩინური მოსახლეობის მენტალიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი დედასამშობლოსთან დაბრუნებას, გასაკვირია, მაგრამ საკმაოდ მტრულად შეხვდა. ახალგაზრდობა, განსაკუთრებით კი სტუდენტური წრეები, რომლებიც დასავლური ღირებულებებით საზრდოობენ ამერიკულ-ბრიტანულ ცხოვრების წესს ესწრაფიან. ცხადია, არსებობს პროჩინურად განწყობილი საზოგადოებაც, რაც თავისთავად ურთიერთდაპირისპირების კერას ქმნის. შეუძლებელია ასეთი ვითარებით გარკვეული სარგებელი არ ეძიონ დაინტერესებულმა საგარეო ძალებმა, რეგიონის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გათვალისწინებით, მით უფრო ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ომის პირობებში. ნიშანდობლივია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ჰონკონგში საეჭვოდ დაემთხვა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებას.

ჩინეთ-ბრიტანეთის შეთანხმების თანახმად, ჰონკონგის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის გადაცემა რიგი ფუნდამენტური პრინციპების დაცვით გახდა შესაძლებელი, რომელთა შორის უმთავრესი დებულება  ერთ სახელმწიფოში ორი სისტემის არსებობას აკანონებს მინიმუმ 2047 წლამდე. ჩინეთი, დღემდე, ფორმალურად მაინც სოციალისტურ სახელმწიფოს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ჰონკონგი ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული, თუმცა წმინდა კაპიტალისტური რაიონია ფართო ავტონომიური უფლებებით. სწორედ ავტონომიურ უფლებებსა და სისტემაზე გამუდმებულ თავდასხმად ფასდება ჰონკონგელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ პერიოდული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა უკანაც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების წამქეზებლური პოლიტიკა მოიაზრება. ამ მიზეზით, თუმცა სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, ჰონკონგში არეულობა გარკვეული პერიოდულობით გრძელდება 2014 წლიდან. 2014-15 წლების მოვლენების დროს, როდესაც დემონსტრანტებს მხარის ფინანსურ-ადმინისტრაციული ცენტრი თვეების მანძილზე ჰქონდათ ბლოკირებული, ხელისუფლება იძულებული გახდა მკაცრი ზომები გაეტარებინა სტაბილურობისა და შელახული რეპუტაციის აღსადგენად. პროტესტანტთა დასაშლელად გამოყენებული მხუთავი აირების ზემოქმედების შესამცირებლად მოშველებული ფერადი ქოლგების გამო იმ მოვლენებს „ქოლგების რევოლუცია“ დაერქვა.

მიმდინარე პროცესების განეიტრალება, ცენტრალურ მთავრობას ავალდებულებს წესრიგისა და კანონიერების აღდგენას, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით. მეორე მხრივ, ხელისუფლებას არ სურს კიდევ ერთი განდგომილი პროვინციის-ტაივანის დაფრთხობა ჭარბი ძალის დემონსტრირებით, რომლის შემოერთებას წარუმატებლად ცდილობს ბოლო 70 წლის განმავლობაში.

ასეა თუ ისე, ჰონკონგის პრობლემა, ამ რეგიონის უმნიშვნელოვანესი პლანეტარული ფუნქციის გათვალისწინებით ცდება ჩინურ პრობლემატიკას და მსოფლიო სტაბილურობის კონტექსტშია განსახილველი.

მსოფლიო ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური პირველობისათვის მებრძოლი ჩინეთისთვის, ჰონკონგის გადაუჭრელი პრობლემა შესაძლოა აქილევსის ქუსლად  იქცეს, საიდანაც მისი კონკურენტები მაქსიმალური პოლიტიკური (და არა მხოლოდ) დივიდენდების მიღებას შეეცდებიან. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს საკითხი  ჩინური თავისტკივილიდან კაცობრიულ თავისტკივილად გადაიქცეს.

 

მოამზადა: ზურაბ ქელეხსაშვილმა