ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება გიორგი გაბუნიას მონოლოგზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება გიორგი გაბუნიას მონოლოგზე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს:

„ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას.

სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. გადაცემის წამყვანისამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ.“- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რუსთავი ორის ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმ“-ში რუსულ ენაზე, ვლადიმერ პუტინს აგინა.