„რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფა ქართველებისთვის დიდი სირცხვილია“ - პუტინის პრეს-მდივანი

„რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფა ქართველებისთვის დიდი სირცხვილია“ - პუტინის პრეს-მდივანი

კრემლი მიუღებლად თვლის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით „რუსთავი2“-ის ეთერში გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამგვარ ქმედებას „ქართველების დიდი სირცხვილი“ უწოდა.

„რაც შეეხება შეურაცხყოფას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, რა თქმა უნდა, მას აბსოლუტურად მიუღებლად ვთვლით და მას მკაცრად ვგმობთ“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ „საქართველოს მთელმა ხელმძღვანელობამ - პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც, პარლამენტის წევრებმაც და სპიკერმაც - ასეთი ცუდი საქციელი გადაჭრით დაგმეს“.

„რა თქმა უნდა, მსგავსი საქციელი, თუნდაც ისეთი ვინმეს მიერ იყოს პროვოცირებული, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გართულება სურს, ანდა აბსოლუტურად უგუნურობის შედეგი იყოს, მაინც არ არის ქართველი ხალხისთვის ღირსეული მოქმედება - იმ ხალხისათვის, რომელსაც უძველესი ისტორია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები აქვს. რასაკვირველია, ეს დიდი სირცხვილია ქართველებისათვის“, - დარწმუნებულია დიმიტრი პესკოვი.