ახლა ეს უკვე პირადულია: ქართველმა ტელეწამყვანმა უცენზურო მონოლოგით რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა

ახლა ეს უკვე პირადულია: ქართველმა ტელეწამყვანმა უცენზურო მონოლოგით რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა

ემი ფერის-როტმანი, «The Washington Post»-ის კორესპონდენტი მოსკოვში: საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გამწვავდა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა. მისი ქმედება კრემლმა მწვავედ შეაფასა, ხოლო საქართველოს მთავრობამ კი, თავის მხრივ, ტელეწამყვანის ქცევა დაგმო.

ტელეეთერში გინება კვირა საღამოს გადაიცა, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ანტირუსული აქციების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. მისი კულმინაცია გახდა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ძალაში 8 ივლისს შევიდა და ათასობით ადამიანს მგზავრობა ჩაუშალა.

„რუსთავი-2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, ტელეკამერის წინ, რუსულ ენაზე ვლადიმერ პუტინს მიმართა და რუსეთის ლიდერს ჯერ „მყრალი ოკუპანტი“ უწოდა, შემდეგ კი უცენზურო გინება მიაყოლა, არ დაინდო პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც და განაცხადა, რომ მათ საფლავზე მოისაქმებდა. გიორგი გაბუნიამ რუსები „მონებად“ მონათლა და მოუწოდა, რომ დაუყონებლივ წაეთრიონ საქართველოდან.

„ეს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აბსოლუტურად მიუღებელია და დაგმობას იმსახურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ორშაბათს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში კი განაცხადეს, რომ „მომხდარ ინციდენტს განიხილავენ როგორც ქართული რადიკალური ძალების მორიგ ტოტალურ პროვოკაციას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული“.

ამჟამად ორი მეზობელი ქვეყნის კავშირები, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში იმყოფება. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული სამხედრო შეტაკება ხანმოკლე ომში გადაიზარდა: რუსეთმა ჯერ მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - სამხრეთ ოსეთს, შემდეგ კი მისი ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. თუმცა მოგვიანებით მოსკოვისა და თბილისის დამოკიდებულება თანდათანობით დარეგულირდა: 2013 წლისათვის თითქმის სრულიად აღდგა ვაჭრობა და ტურიზმი.

მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თბილისს უფრო ძლიერ და პოლიტიკურად გავლენიან ჩრდილოელ მეზობელთან. გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ქართველთა უმრავლესობას ნატოში გაწევრიანების მომხრეა, რაც რუსეთს ძალიან აღიზიანებს.

ანტირუსული პროტესტები გასულ თვეში დაიწყო, როცა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ სწრაფად იმოქმედა და მათი მოქმედება აღკვეთა. მას შემდეგ აქციის მონაწილეები ყოველდღიურად იკრიბებიან და დემონტრაციას მართავენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით - პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა გარეკვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიას გამოსვლა დაგმო და მას „პროვოკაცია“ უწოდა. კერძო ტელეარხმა „რუსთავი-2“-მა, რომელსაც  ტელეწამყვანის გინებით უკმაყოფილო ადამიანებმა პიკეტი მოუწყეს, მაუწყებლობა დროებით - ექვსი საათით შეწყვიტა.

ზოგიერთი ქართველი შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი გაბუნიას მოქმედებით გამოწვეულმა საქართველოს მთავრობის რეაგირებამ შეიძლება მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის განცხადება კრემლის პოზიციას შეესაბამება. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა“, - ამბობს ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიური საბჭოს ლაბორატორიის მკვლევარი, - „ეს კრემლს საშუალებას აძლევს განაცხადოს - აი, შეხედეთ, საქართველოს მთავრობაც ჩვენ გვეთანხმება... ჩვენ ერთმანეთთან მეგობრულად ვართ განწყობილი, მაგრამ სხვებს არ სურთ ჩვენი კარგი ურთიერთობა“.

სხვათა შორის, რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული კავშირების ბლოკადა, რომელიც ორშაბათს დაიწყო, საქართველოს ეკონომიკისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით ოთხი მილიონია, ბოლო დროს ყოველწლიურად თითქმის ერთ მილიონ რუს ტურისტს იღებს. მართალია, მათ ისევ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომობილებით ან სხვა ირიბი მარშრუტით შესვლა, მაგრამ მაინც მოსალოდნელია, რომ თბილისისთვის მიყენებული ფინანსური დარტყმა მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება რუსი მოქალაქეების „რუსოფობიური ისტერიისაგან“ დაცვითაა ნაკარნახევი. ზოგიერთმა ქართველმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე რეაგირება თავისებურად მოახდინა და სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #SpendSummerInGeorgia იმ იმედით, რომ შავიზღვისპირა კავკასიურ მთიან ქვეყნაში სამოგზაუროდ არარუსი ტურისტები მიიზიდოს. აქციას თბილისში არსებული აშშ-ის საელჩოც შეუერთდა.

ორშაბათს რუსეთის პარლამენტმა (სახელმწიფო სათათბირომ) განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას სთხოვს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აიკრძალოს, ასევე გაიყინოს ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან საქართველოში.

ქართული ღვინო, რომელიც ქვეყნის ექსპორტის სავიზიტო ბარათად ითვლება, მევენახეობის 8000-წლოვან ტრადიციას მოწმობს. რუს ტურისტებს ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ და მისი გაყიდვის მოცულობას ხშირად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებული ურთიერთობის ბარომეტრს ადარებენ.

რუსეთს ადრეც - 2006-2013 წლებშიც - ჰქონდა აკრძალული ქართული ღვინის იმპორტი ვითომდა სასმელის დაბალი ხარისხის მიზეზით, მაგრამ ქართველებიც და მნიშვნელოვანწილად თვითონ რუსებიც ამ აკრძალვას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდნენ.

 

«The Washington Post»(აშშ), 8 ივლისი, 2019 წელი

https://www.washingtonpost.com/world/europe/now-its-personal-georgian-tv-host-unleashes-nasty-tirade-against-putin-as-tensions-with-russia-escalate/2019/07/08/ee0923b8-a172-11e9-a767-d7ab84aef3e9_story.html?utm_term=.ad986a27859c