ზალკალიანი: პროვოკაციული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია-პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორია

ზალკალიანი: პროვოკაციული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია-პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორია

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორი იყო.

 

დუმის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების საკითხზე მომზადებულ დოკუმენტზე მინისტრმა ასევე განმარტა, რომ არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება.

 

ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ- საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაეთანხმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.