საქართველო ვნებებსა და ევროპას შორის

საქართველო ვნებებსა და ევროპას შორის

თბილისის ქუჩებში ევროკავშირისა და ნატოს დროშები ფრიალებს, მაგრამ გზა ევროპული პლურალიზმისა და პოლიტიკური კონკურენციისაკენ შეიძლება შორი გამოდგეს - ასე ეხმაურება საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს Deutsche Welle-ს კორესპონდენტი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა.

რუსული დედის გინება ტელეეეთერში, თანაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით: საქართველოში პოლიტიკური კულტურა, ჟურნალისტური ეთიკა და საერთოდ, ქცევის ელემენტარული  წესები გასული კვირის ბოლოს, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ დაეშვა ფსკერზე... და ამის შემდეგ ტელეწამყვანის სიმბოლურ „დასჯას“ - ეთერიდან ორთვიან ჩამოცილებას - შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია გავუკეთოთ: ტელეარხის ხელმძღვანელობამ დუმილით წაახალისა თავისი თანამშრომელი იმ ქმედებისათვის, რომელიც ყოველ ცივილიზებულ ქვეყანაში წარმოუდგენელი იქნებოდა. და ამაშიც ნათლად გამოიხატა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი დიდი პარადოქსი.

ევროპული ფასადი და სამხრეთული ვნებანი

საქართველოზე თუ ვილაპარაკებთ, სიტყვებით ეს ქვეყანა ევროპის კავშირისაკენ მიილტვის, პრაქტიკაში კი, პოლიტიკური დისკუსიის სტილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას  ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო პლურალიზმის ევროპულ სტანდარტებთან: ყვირილი, ერთმანეთისადმი შეურაცხყოფა, ზოგჯერ კი ფიზიკურად გარტყმა-გამორტყმა დიალოგის ლოგიკური გაგრძელება ხდება. საზოგადოებრივი ცხოვრების სწრაფ რადიკალიზაცის თბილისის ქუჩებში ისინი გამოჰყავს, ვინც ახალგაზრდაა (უბრალოდ, წარმოიდგინეთ: მხოლოდ ორშაბათს, 8 ივლისს, საქართველოს დედაქალაქში ოთხი სხვადასხვა საპროტესტო აქცია ჩატარდა) და აშინებს იმათ, ვინც შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებია - მათ კარგად ახსოვთ 1991-93 წლების სამოქალაქო ომი...

ამჟამინდელი თბილისი სწრაფად განიცდის ტრანსფორმირებას ევროპულ და, თუ უფრო ფართო გაგებით ვიტყვით, გლობალიზებულ ქალაქად. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც: დიდებული ლოფტები (შენობის ზედა ნაწილები), უაქცენტოდ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეები, ორაგულის სალათა რესტორნებში, საბაგირო გზა ტურისტებისათვის, მინის ხიდი ქვეითად მოსიარულეებისათვის და ლანდშაფტური პარკი ქალაქის ცენტრში - თითქმის მოსკოვის „ზარიადის“ ანალოგს წარმოადგენს. ცალკეული სასტუმროები და რესტორნები ისე გამოიყურებიან, თითქოსდა მათი ასლი ბარსელონიდან ან ჰამბურგიდან გადმოიტანეს. ქვეყანა დამაჯერებლად მიიწევს წინ კორუფციასთან ბრძოლისა და ბიზნესის იოლად დაწყების ქვეყნების რეიტინგში და ყველანაირ ქებას იმსახურებს პოლიციისა და ბიუროკრატიული აპარატის რეფორმირების საქმეში. და მართლაც, რუსეთიდან საქართველოში ჩასულ ტურისტებს არაფერი ემუქრებათ, ზედმეტი ჭამის გარდა, თუ ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე არ მივლენ და იქ შეკრებილებს პოლიტიკურ დისკუსიას არ დაუწყებენ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბევრად ჰგავს მის ჩრდილოელ და სამხრეთელ მეზობლებში - რუსეთსა და თურქეთში არსებულს, ვიდრე პლურალისტულ დასავლეთევროპულ პარლამენტარიზმს.

საქართველოს პოლიტიკური სისტემა

ქვეყანაში მთელი ხელისუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანისა და ერთი მმართველი პარტიის ხელში, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროს აკონტროლებს. სიმბოლურია ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულება. რუსეთის ქედმაღლური დამოკიდებულება პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნისადმი ყველას პირზე აკერია და ყველა მიტინგსა და აქციაზე არაკად გაისმის... მაგრამ როგორც კი დაიწყებ ლაპარაკს შედარებით უფრო პატარა, მაგრამ ქართველებზე არანაკლებ ამაყ ხალხებზე, რომლებთაც ოდესრაც საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსი ჰქონდათ, შეიძლება ასეთი რამ მოისმინოთ: „ისინი ხალხები კი არ არიან, არამედ ისე რა, მთიელი ტომები“.

ევროკავშირის დროშები თბილისში - პლურალიზმის სიმბოლო?

საქართველოს დედაქალაქი ისეა დამშვენებული ნატოსა და ევროკავშირის დროშებით, რომ თითქოსდა ამ ორივე ალიანსში ქვეყანა გუშინ გაწევრიანდა. მაგრამ ის ევროპელი, ვინც თვლის, რომ ოქროსფერვარსკვლავებიანი ლურჯი ევროპული დროშა საქართველოში იმავდროულად პლურალიზმისა და სხვისი აზრისადმი პატივისცემის სიმბოლოც არისო, ის სახლში დაბრუნებისას აღელვებულ მდგომარეობაში იქნება: ქუჩებსა და ტელევიზიებში პოლიტიკური ემოციების დონე ისეთი მაღალია, რომ გინებიდან გარტყმამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება ხოლმე. ივნისის ბოლოს მე თბილისში ვიყავი წამოჭრილ კითხვებზე პასუხებისათვის, მაგრამ იქიდან უფრო მეტი კითხვებით დავბრუნდი.

ნუთუ უცხოელი დეპუტატის ჩაჯდომა თქვენი ეროვნული პარლამენტის სპიკერის სავარძელში შენობის შტურმით აღების მიზეზი უნდა გახდეს? თუ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოებაა, განა სამოქალაქო პროტესტის გამოხატვის სხვა ხერხი არ არსებობს?

ანდა ასეთი მაგალითი: თუ ყველა ერთხმად მარწმუნებს, რომ ისინი მოხარულნი არიან რუსი ტურისტებისა, მაშინ რატომ მაძლევდნენ რჩევას პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე საპროტესტო აქციის დროს ინგლისურად მელაპარაკა? სადაა საქართველოში ის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პრაგმატიზმი მეზობლებთან ურთიერთობაში, რომელიც ევროკავშირშია მიღებული? და შეიძლება თუ არა პატივსაცემი ტონით ილაპარაკო დისკუსიის დროს, როცა ოპონენტს არ ეთანხმები? დღეს ქართული პასუხები ამ კითხვებზე, როგორც ჩანს, სრულიადაც არ ჟღერს ევროპულად.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

Deutsche Welle (გერმანია), 10 ივლისი, 2019 წელი

https://www.dw.com/ru/комментарий-грузия-между-страстями-и-европой/a-49467873